საქართველოს მასშტაბით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო, რეჟიმში, კოორდინირებულად მოქმედებენ.
დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. სპეცტექნიკით იწმინდება გზები, მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები. რამდენიმე ოჯახს, რომელთა სახლებს დიდთოვლობის გამო სახურავი დაუზიანდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველადი დახმარება უკვე გაუწია. აღდგენით სამუშაოებთან ერთად, ითვლება ზარალი. ძირითადი გზების უმეტესი ნაწილი სრულად გაწმენდილია, გრძელდება სოფლის გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, ფუნქციონირებს რამდენიმე ცხელი ხაზი.
დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრაზე შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ აჭარაში. თოვლისგან გაწმენდილია ბათუმის ყველა ცენტრალური ქუჩა. 31 დეკემბრიდან, ქალაქის მასშტაბით გზებისა და ტროტუარების გასაწმენდად მობილიზებულია სანდასუფთავების 200 თანამშრომელი და 25 ერთეული მძიმე ტექნიკა. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სტრუქტურული ერთეულები და დაქვემდებარებული ორგანიზაციები. მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4000-მდე აბონენტს, რომელთაგან ამ დროისთვის ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილია 500-მდე აბონენტი. იწმინდება სასოფლო გზები ხუცუბნის, სოფელ ქობულეთის, აჭყვისთავის, ციხისძირის, დაბა ჩაქვის, მუხაესტატესა და დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ბათუმი-ახალციხის, ბათუმი-ქობულეთისა და ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით გზები გაწმენდილია. ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს ცენტრალურ გზებზე, მათ შორის კურორტ გოდერძის მიმართულებითაც. ჩაქვსა და ბათუმში დაზიანებული წყლის მილები ოპერატიულად შეკეთდა. ამჟამად, რეგიონში წყლითა და ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით არსებული ვითარება სტაბილურია.
ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა გურიის რეგიონის სოფლების უმეტეს ნაწილს. გზების გასაწმენდად, რეგიონში მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გუბერნატორის დავალებით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი, ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი.
გზები სრულად გაწმენდილია იმერეთის რეგიონის მუნიციპალურ ცენტრებში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გასუფთავება, რაც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება. დიდთოვლობის გამო ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილი აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. ვანის მუნიციპალიტეტში შექმნილი სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა დღის ბოლომდე სრულად აღმოიფხვრება.
ამ დროის მონაცემებით, მინიმუმამდეა დაყვანილი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები. საქართველოს მასშტაბით, ფუნქციონირებს 111 პუნქტი, სადაც მობილიზებულია შესაბამისი თოვლმწმენდი ტექნიკა, ადამიანური რესურსები და ტექნიკური მარილის მარაგი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამეგრელოსა და იმერეთში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა ძირითადი გზა გახსნილია. დღის განმავლობაში რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზემისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაც მოიხსნება.
თავისუფალია მოძრაობა ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე.
თუმცა, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს:
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ248 ჩუმათელეთი-ზესტაფონი-ნახშირღელე-ქუთაისის შემოსავლელი გზა-ბაშის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი ) საავტომობილო გზის კმ104–კმ119 მონაკვეთზე (ბაკურციხე-წნორი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების – ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა აიკრძალა შემდეგ მიმართულებებზე:
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე; ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე; ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ30 მონაკვეთზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გზის გაწმენდით სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გზებზე არსებულ ვითარებას, პირადად ეცნობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.
დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს ადგილზე აკვირდება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. პრემიერ-მინისტრის დავალებით, დასავლეთ საქართველოში იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი. ისინი დამატებით საჭიროებებს ადგილზე სწავლობენ და შესაბამის მითითებებს გასცემენ.
სამუშოებში აქტიურად არიან ჩართული მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების წარმომადგენლები და შესაბამისი რეგიონის გუბერნატორები.