დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

27/04/2023

ქართული დიასპორის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მკვლევრების და მეცნიერების საქმიანობის ხელშეწყობაზე იმსჯელეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ინფორმაცია კომიტეტის წევრებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა გააცნო. მომხსენებლის თქმით, ფონდმა ქართულ სამეცნიერო დიასპორასთან მიმართებაში 2011-2018 წლებში 63 პროექტი, 2021-2022 წლებში კი 36 პროექტი დააფინანსა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2018 წლიდან დღემდე ფონდის გრანტის მიმღები შეიძლება იყოს: უცხოეთში მოღვაწე მკვლევარი; უცხოეთის, ორმაგი მოქალაქეობის ან საქართველოს მოქალაქე. მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველო სამეცნიერო პროდუქტიულობის მხრივ, რაშიც იგულისხმება საერთაშორისო რეიტინგულ და რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული ქართული სტატიები, ლიდერობს სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში.

„გვაქვს სპეციალური კონკურსი კავკასიოლოგიის მიმართულებით. კონკურსის ბიუჯეტია 120.000 ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ წელიწადში ორი პროექტი ფინანსდება. მათ შორის არის ინტერდისციპლინარული საზაფხულო სკოლა“, – აღნიშნა ერეკლე ასტახიშვილმა

მისივე თქმით, ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ახალგაზრდების მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე გამოთქვა ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რუსთაველის ფონდის და კომიტეტის თანამშრომლობით ჩატარდეს მოკვლევა თემაზე – „ქართული დიასპორის როლი – წარსული, აწმყო და მომავალი“.

„ჩვენ გვინდა, რომ გამოვიყენოთ თქვენი რესურსები იმისათვის, რომ დიასპორასთან ურთიერთობების და კავშირების გამყარება, რომელიც არის კონსტიტუციით გათვალისწინებული, მოხდეს ჯეროვნად“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0