დიასპორელების ყველა აქტივობა და ინოვაცია ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება

08/07/2022

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოყვარული მსახიობებისა და საქართველოში მოღვაწე პროფესიონალი მსახიობებისგან შემდგარი დასის მონაწილეობით შექმნილი სპექტაკლის პრემიერას დაესწრო და ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„გპირდებით, ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება ჩვენი დიასპორელების მხრიდან წამოსული ყველა აქტივობა, ყველა ინოვაცია, რაც ხელს შეუწყობს ქართული დიასპორისა და ქართული სახელმწიფოს განვითარებას“, – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ენის შენარჩუნების კუთხით, ქართული თეატრის უნიკალური რესურსის გააქტიურებას და ემიგრაციაში ქართული კულტურული კერების შექმნას. ​გივი ჭიჭინაძემ მადლობა გადაუხადა იდეის ავტორს, ნიდერლანდებში მოღვაწე დიასპორელს თიკა სვანიძე-ვენკოს, ღონისძიების თანაორგანიზატორებს, მხარდამჭერებს და სპექტაკლში მონაწილე, როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში მცხოვრებ, პროფესიონალ და მოყვარულ მსახიობებს.

„განსაკუთრებულ სიამაყეს ვგრძნობ, რომ ჩვენი დიასპორელები არიან პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის – „დაბრუნება“ და ამ სპექტაკლის -„იავნანამ რა ჰქმნა“ მონაწილენი და სულის ჩამდგმელებიც! კულტურის სფეროში საქმიანობის გამო, სისტემატურად მიწევდა უცხოეთში მოგზაურობა და 90-იანი წლებიდან ვიცნობ დიასპორის პირველ თაობას, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და მთავარ სატკივარს – შეუნარჩუნოს უცხოეთში დაბადებულ ახალ თაობებს ქართული იდენტობა, ქართული ენის ცოდნა. დიდი მადლობა ამისთვის ნიდერლანდებში მოღვაწე ჩვენს დიასპორელს თიკა სვანიძე-ვენკოს, ამ საოცარ ადამიანს და მთელ მის ქართულ ოჯახს. რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი დიასპორელებისათვის, მათი იდენტობის შენარჩუნებისათვის. მათი ჩართულობისათვის სამშობლოს კულტურულ-საგანმანათლებლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საქართველოს პოპულარიზაციისათვის საზღვარგარეთ. სწორედ ასეთი პროექტები აძლევენ სტიმულს ჩვენს დიასპორელებს ქართული კულტურული კერების შესაქმნელად ადგილსამყოფელ ქვეყნებში“, – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

სპექტაკლის პრემიერის დასრულების შემდგომ, გაიმართა ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდოს „ანიდან ჰოემდე” გადაცემის ცერემონია. სადაც საქართველოს პოზიტიური კუთხით წარმოჩენისთვის პროექტის მონაწილე ქართული დიასპორის წარმომადგენლები დააჯილდოვეს. ღონისძიებას პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ესწრებოდა. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; საგარეო საქმეთა სამინისტრო; თბილისის მერია; ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრი და ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო და ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი “ჩვენ დავბრუნდებით”, კახის ქართული დრამატული თეატრი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0