დეპუტატებმა პროგრამების-ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების თაობაზე იმსჯელეს

21/06/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებს დღის წესრიგით განსახილველი საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ წარმოუდგინა.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით პროგრამების/ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს, მათ შორის, ომის ვეტერანების დახმარების პროგრამაში II -დან III კვარტალში, პროგრამაში ,,ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობის განვითარება’’ IV კვარტლიდან II კვარტალში, ასევე პროგრამაში -,,საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა’’ III კვარტალიდან II-ში და ,,სტიქიის შედეგად სალიკვიდაციოს ღონისძიებების’’ პროგრამაში მეორედან მესამე კვარტალში თანხების გადატანას დაუჭირეს მხარი.
დღესვე კომისიის წევრებმა ,,სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე დახმარება’’ მეორე კვარტლის გეგმის გაზრდისა და მისი ,,ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების’’ პროგრამაში არსებული ეკონომიით დაბალანსების თაობაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
ასევე დადებითად შეფასდა საკითხი -პროგრამაში ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარება’’ შრომის ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლში მეორე კვარტლის გეგმის გაზრდისა და მისი სხვადასხვა მუხლებიდან წარმოშობილი ეკონომიის ხარჯზე, კერძოდ, ტენდერებიდან დარჩენილი თანხებითა და კომუნალური ხარჯების შემცირებით დაბალანსების თაობაზე.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით,იზრდება ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავლების მეორე კვარტლის გეგმა, რომელიც გათანაბრებითი ტრანსფერითა და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ბალანსდება.
ყველა წარმოდგენილი საკითხების თაობაზე დეტალური ინფორმაცია დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ მიაწოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0