დეპუტატებმა „იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი 79 ხმით დაუჭირეს

22/12/2022

დეპუტატებმა „იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით, 79 ხმით დაუჭირეს მხარი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, კანონპროექტით წესრიგდება პირადი მოხმარების მიზნით საბრძოლო მასალის დამზადებასთან, იარაღით დროებით მოსარგებლის უფლება-მოვალეობებთან, შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონს ემატება ტერნმინები: „მოკლელულიანი იარაღი“ – ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე არ აღემატება 300 მმ-ს ან/და იარაღის საერთო სიგრძე არ აღემატება 600 მმ-ს; ასევე „გრძელლულიანი იარაღი“ – ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომელიც არ განეკუთვნება მოკლელულიან იარაღს.

„ყველა მოკლელულიანი იარაღის შეძენის ნებართვა გაიცემა შენახვის უფლებით, ხოლო გრძელლულიანი იარაღის, – შენახვისა და ტარების უფლებით“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი დაექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას 2023 წლის 1 ივლისამდე. ისინი უნდა დარეგისტრირდეს შენახვის უფლებით. იარაღის შეძენის ნებართვა მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, ასევე გრძელ, ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო გრძელ, გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე – 10 წლის ვადით. ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ, პირი ვალდებული იქნება აღნიშნული იარაღი ნებართვის ხელახალი მოპოვებისა და რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს მომსახურების სააგენტოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0