მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი მომზადდება. აღნიშნულიდან გამომდინარე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებები განხორციელდება. კანონპროექტის პრინციპებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ თვითმმართველი ერთეულისთვის უფლებამოსილების დელეგირება, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით ხორციელდება, თუმცა უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, შესაბამისი წესი კანონმდებლობით დარეგულირებული არ არის. კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებების მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა და თუ სივრცითი მონაცემების დამუშავება მატერიალური ფორმით ხდებოდა, ცვლილებების მიღების შემდეგ ერთიანი გეოპორტალი შეიქმნება, სადაც სივრცითი მონაცემების რესურსები გამოქვეყნდება და მოქალაქეებს მათზე თავისუფალი წვდომის საშუალება ექნებათ.
„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის გეოპორტალზე დისტანციური წვდომისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად კანონპროექტით განსაზღვრულია ძირითადი ქსელური სერვისების ტიპები, რომლებიც პორტალის მომხმარებელს საშუალებას მისცემს მოიძიოს, დაათვალიეროს და ჩამოტვირთოს სივრცითი მონაცემების ნაკრებები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები გარემოს დაბინძურების პრევენციას და დაბინძურების მინიმიზაციას განაპირობებს და მისი მიღება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ნაწილია. მისივე თქმით, მსხვილი საწარმოებისთვის მთელი რიგი პასუხისმგებლობები შემოდის და მათთვის ინტეგრირებული ნებართვის აღების ვალდებულება შემოვა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კომპლექსური რეგულირებების შემოღება ეტაპობრივად განხორციელდება და კანონში მოცემული ნორმები სრულად 2026 წლიდან ამოქმედდება. კომიტეტის წევრები რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საფინანსო ხელშეკრულებასაც გაეცნენ. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულება (საქართველო – ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ დოკუმენტი გააცნო და ხელშეკრულების ვადებსა და პირობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი სესხის სახით 40 მლნ. ევროს გამოყოფს, რომელიც ორ ტრანშად 20-20 მლნ. ლარად ჩაირიცხება. რაც შეეხება უშუალოდ ზემო სამგორის ირიგაციის პროექტს, მისი ჯამური ღირებულება 100 მლნ. ევროს ფარგლებში იქნება, სადაც 25 მლნ. ევრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.