დეპუტატები რუსლან პოღოსიანი და ალი მამედოვი ყარაბაღის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

05/04/2016

საპარლამენტო უმრავლესობის ორი დეპუტატი რუსლან პოღოსიანი და ალი მამედოვი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

დეპუტატები ყარაბაღში შექმნილი საომარი ვითარების გამო, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამწვავდა, შეშფოთებას გამოთქვამენ და მომხდარს ფრაქცია “ქართული ოცნების“ სახელით ეხმაურებიან.

“მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით, ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ისეთი ხასიათის ქმედებებისგან და მოწოდებებისგან, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს ტერიტორიაზე ამ ორი ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალკულტურული სიმდიდრითა და კეთილმეზობლური ურთიერთობებით და საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია ხელი შეუწყოს ამ ტრადიციების შენარჩუნებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატები მწუხარებას გამოთქვამენ ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო და იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0