საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოებასა და განვითარების სფეროში მომუშავე პარტნიორებს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
პრეზენტაციას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, სხვა სამინისტროების წარმომადგენლები, დევნილთა თემის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და განვითარების სფეროში მომუშავე პარტნიორების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ახლახან მიღებული 2016-2017 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი პრინციპები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და დამკვიდრებას, დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების პრევენციასა და აღმოფხვრას მოიცავს.
მინისტრის 21 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცებულ გეგმას საფუძვლად უდევს ქალებისა და კაცებისთვის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების ფუნდამენტური გარანტიები, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ასევე მთავრობის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ერთ-ერთი პირველი სამინისტროა საქართველოში, რომელმაც გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ოფიციალურად მიიღო, დასახა ამბიციური მიზნები და ამოცანები, რაც მთავრობის საქმიანობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის კუთხით, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, ასევე, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ეროვნული სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით დაეხმარება.
აღნიშნული ამოცანების წარმატებით შესასრულებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გენდერული თანასწორობის შიდა ინსტიტუციური მექანიზმი ჩამოაყალიბა: დანიშნა მინისტრის მრჩეველი გენდერულ საკითხებში, დააარსა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე კომისია და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დანიშნა გენდერულ საკითხებში საკონტაქტო პირები. ამას გარდა, გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს გენდერული საკითხების მეინსტრიმინგს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოლიტიკასა თუ პროგრამებში და სქესის მიხედვით დაყოფილი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის დანერგვას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა გენდერულად მგრძნობიარე სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ერთობლივად ახორციელებენ. პროექტი ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში. მისი ძირითადი ამოცანაა გენდერული თანასწორობის პრინციპების გატარება სამინისტროს საარსებო წყაროებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტებში, სახელმძღვანელოებში და პროცედურებში, რომლებიც დევნილთა სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებას ეხება.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, დევნილთა მეოთხე პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად დევნილებისა და მათი მიმღები თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს.