თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, ნახევარი მილიონი ლარი გადაირიცხება. მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულომ უკვე განიხილა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი და თანხა, რომელიც „თბილისობის“ ღონისძიებისთვის იყო გამოყოფილი, სპეციალურად შექმნილ ფონდში გადამისამართდება.
„როგორც მოგეხსენებათ, მივიღეთ გადაწყვეტილება „თბილისობის“ ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სატელევიზიო კონცერტი, რომელიც უნდა გამართულიყო, არ გაიმართება და ამისთვის გამოყოფილ თანხას სპეციალურად შექმნილ ფონდში მივმართავთ, რომელიც ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად შეიქმნა. გუშინ საკრებულომ განიხილა თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი. სარეზერვო ფონდში გადამისამართდა „თბილისობისთვის“ გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი და ფონდიდან დღესვე გადაირიცხება დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის ანგარიშზე. ეს არის თბილისის და თბილისელების ფული და ვინაიდან თბილისი არასოდეს გამდგარა განზე ასეთ დროს, ეს თანხაც იქნება ბათუმისადმი გამოხატული მხარდაჭერის, გვერდში დგომისა და თანაგრძნობის ერთგვარი გამოხატულება თბილისისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ავარიული სახლების პრობლემაზეც ისაუბრა, რომელიც თბილისში საკმაოდ აქტუალურია. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტი ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების პროგრამას განახორციელებს.
„ზოგადად, ავარიული სახლების თემა თბილისშიც აქტუალურია. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ამ ქალაქში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები იცის. თბილისელებს წარვუდგინეთ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა. ამ ყველაფერზე ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდი და საერთოდ არავინ დაინტერესებულა ჩვენი საარჩევნო პროგრამით, განსაკუთრებით, ოპონენტები და მათი მედიასაშუალებები. როგორც კი ბათუმში ეს ტრაგედია დატრიალდა, შემდეგ ყველა გამოვიდა და დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორი ავარიული შენობები გვაქვს თბილისში. დიახ, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა. გვაქვს 10 000-მდე შენობა-ნაგებობა, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. წლების განმავლობაში, ჩვენ მსგავს შენობებს ვამაგრებდით. ახლა კი სრული ჩანაცვლების პროგრამა დავდეთ. ამ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ყველა ხარჯი თავის თავზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღოს და მოსახლეობას ამაში ერთი თეთრიც არ დაეხარჯება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ დედაქალაქში მცხოვრები 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა განხორციელდება. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, პენსიონერები 500-ლარიანი ვაუჩერებით ისარგებლებენ.
„როგორც იცით, თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არაერთ პროექტი ხორციელდება. თბილისის მერიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მოქალაქეების ორ მილიონამდე მოთხოვნა დააკმაყოფილა. მომავალშიც ვიქნებით იმ ოჯახების გვერდით, ვისაც თანადგომა სჭირდება. რაც შეხება ახალ პროგრამას, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ იმისთვის, რომ ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი (გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ.) შეიძინონ. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი გამოიყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, 2022 წლიდან ის ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან.
„ჩვენ ქალაქში, დაახლოებით, 400 უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახი ცხოვრობს. მომავალი წლიდან არცერთი თბილისელი ბინის გარეშე არ დარჩება. პოლიტიკამ იმდენად შეჭამა სოციალური საკითხები, ბევრ ადამიანს ეს პრობლემა არც კი ახსოვს. მე ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე საბინაო ფონდის შექმნა დავიწყეთ და 2022 წლიდან ამ პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა ყურადღება სტუდენტების დაფინანსების პროგრამაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ 2021 წლიდან სწავლის გადასახადის დაფინანსება ორჯერ მეტი სტუდენტისთვის არის შესაძლებელი.
„2018-2020 წლებში 3 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის სემესტრული საფასური. 2021 წელს გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ დაფინანსების წესში და შეიძლება ითქვას, რომ დასაფინანსებელთა რაოდენობა გავაორმაგეთ. გარდა ამისა, წარჩინებული მაგისტრანტებისთვის გვაქვს მერიის სემესტრული სტიპენდია, რომელიც 2018-2020 წლებში 900-მდე სტუდენტმა მიიღო. გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ, 2021 წლიდან ეს რიცხვიც გაორმაგდა და 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, 1 000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ეს ფინანსური წახალისება. ეს არის ახალგაზრდების ხელშეწყობა და თანადგომა, რომ მათ თავიანთი განათლებით, წარმატებებით ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ზოგადად, ქვეყანაში სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზეც ისაუბრა.
„ზოგიერთი ოპონენტი ცდილობს, მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში, მოატყუოს, თუმცა, ჩვენ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. რომ შევადაროთ რიცხვები, უცხოეთში გასული სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა 2007-2012 წლებში იყო 574. სახელმწიფოს დაფინანსებით, 2013-2021 წლებში 8 100-ზე მეტი ადამიანი წავიდა უცხოეთში სასწავლო ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე, ხაზი გაუსვა ამ საკითხებისადმი ოპონენტების დამოკიდებულებას.
„სახელმწიფო ყოველწლიურად, დაახლოებით, 900-მდე მოქალაქეს უშვებს დაფინანსებით უცხოეთში. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თბილისელ სტუდენტებს პირდება ამ რიცხვის ცხრაჯერ შემცირებას. აქაც კარგად გამოიხატება მათი მიდგომა ამ ქალაქთან მიმართებაში, რომ საერთოდ არაფერი არ გაეგებათ. პროგრამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მთელი საარჩევნო კამპანია აგებული იყო ბოროტებაზე, სიძულვილის ენაზე, შეურაცხყოფაზე. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, საუბრობდნენ ჩვენზე. თან როგორ – სიძულვილის ენით, შეურაცხყოფით, ოჯახზეც გადავიდნენ. ახლა კი პირდებიან, რომ უცხოეთში წამსვლელი სტუდენტების რაოდენობა ცხრაჯერ შეამცირონ. ეს არის მათი რეალური სახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ფურცელაძის N16–ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დედაქალაქის მერმა ფოტომასალაც წარმოადგინა, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე შენობა და როგორ გამოიყურება ის რეაბილიტაციის შემდეგ.
„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ფურცელაძის ქუჩაზე ისტორიულ შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. იცით ჩვენი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ორბელიანის მოედანს და მის მიმდებარე ქუჩებს. გარდა ამისა, განხორციელდა დარეჯანის სასახლეს რეაბილიტაცია-განახლება, სრულდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. ფურცელაძის N16-ში მდებარე შენობა იყო ავარიული და უმძიმეს მდგომარეობაში. შეიცვალა სახურავი, ასევე, მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, წყალმომარაგების, წყალარინების, ელექტრომომარაგებისა და გაზმომარაგების სისტემა, მოეწყო ახალი კარ–ფანჯარა. თითოეულ დეტალზე, ორნამენტზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, შენობის გარკვეული ნაწილი დაიშალა და მის ნაცვლად, ახალი პროექტი განხორციელდა, თუმცა, ძეგლის ძირითადი სახე შენარჩუნებულია. თბილისის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 23 ოქტომბრიდან დედაქალაქში დამატებით, 54 ახალი მიკროავტობუსი და „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი 38 ავტობუსი იმოძრავებს.
„ეს არის ევროპული ტიპის, თავისი გაგრილება-გათბობის სისტემით აღჭურვილი ტრანსპორტი. მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ წლის ბოლომდე, არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღის განმავლობაში, მუნიციპალურ ტრანსპორტს, დაახლოებით, 40 000 მგზავრი გადაჰყავს და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი მომდევნო წლების განმავლობაში გაიზრდება, რადგან გვეყოლება ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მომავალ წელს ვაპირებთ, 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას. დედაქალაქს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი სჭირდება, რომლებიც კონკრეტულ ხაზებზე იმოძრავებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის სხდომის დასასრულს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ 23 ოქტომბერს საპატიო თბილისელები დაჯილდოვდებიან, ხოლო 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენა 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ გაიმართება.