დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია

15/02/2023

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დღეიდან, თბილისის მერია დედაქალაქში არსებული 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგებას ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთიდან იწყებს. მისი თქმით, დედაქალაქში კომფორტულად გადაადგილების მიზნით, ქუჩები ახლებური დიზაინით მოეწყობა.

„დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების რაოდენობა ან გზების რეაბილიტაცია, არამედ ქუჩის დიზაინი. ქუჩის ახალი დიზაინი ორიენტირებულია უსაფრთხო გადაადგილებაზე. პრიორიტეტი ენიჭება ტროტუარების გაფართოებას, ქვეითთა პანდუსებისა და ადაპტირებული გადასასვლელების მოწყობას. პარალელურად, მიმდინარეობს ახლომდებარე რეკრეაციული და საჯარო სივრცეების რეაბილიტაცია. ამჟამად, დედაქალაქში არის 12 პრობლემური კვანძი, რომელიც იწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 500-მდე ბრუნის ჩავარდნას. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, 100 000-მდე მგზავრი ვერ იღებს სათანადო მომსახურებას. ამ პრობლემური კვანძების უმრავლესობა მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ ფუნქციონირებაზე. დაპირებისამებრ, ვიწყებთ აღნიშნული კვანძების მოწესრიგებას. კერძოდ, დღეიდან დაიწყება ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე სამუშაოები, შაბათიდან, თავხელიძის ქუჩიდან, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით დაიწყება სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას ფოტომასალა წარუდგინა, თუ როგორი იქნება რეაბილიტაციის შემდეგ ჟვანიას მოედანი.

„ჟვანიას მოედანზე, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვანძია. მოწესრიგდება ქვეითთა და საავტომობილო ნაკადების მოძრაობა, მოედანი ადაპტირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრის საჭიროებებზე, რათა სრულად უზრუნველყოს მათი კომფორტული გადაადგილება, ან გადაჯდომა შესაბამის მარშრუტებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას იქნება გარკვეული შეზღუდვები, თუმცა, სატრანსპორტო საშუალებები არსებული სქემის მიხედვით გადაადგილდებიან.

„საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად. აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის 42 სამარშრუტო ხაზი გადის, რომლის საშუალებით, დღის განმავლობაში, 200 000-ზე მეტი მგზავრობა ხორციელდება. ამ ადგილების მოწესრიგება მნიშვნელოვანია და ეტაპობრივად სხვადასხვა ქუჩაზე გადავინაცვლებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში არსებული ციციშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაციას იწყებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების არსებობა ქალაქში, მათი მოწესრიგება, განახლება და დღეს კიდევ ერთ ძალიან დიდ პროექტს ვიწყებთ. დაახლოებით, 2 ჰექტარი ტერიტორია კეთილმოეწყობა. პარკში დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების, საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების, საპარკე ინვენტარის მოწყობა, გარდა ამისა, შეიცვლება გარე განათება, მოოეწყობა ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ცხოველების სასეირნო სივრცე და სკეიტპარკი. პარკში დაირგვება ხე-მცენარეები და ჩატარდება გამწვანების სხვა ღონისძიებები. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო გარემო იქნება დასვენებისთვის, განტვირთვისთვის. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის გაჩნდება კიდევ ერთი ლამაზი და მნიშვნელოვანი სივრცე. ჩვენ მომდევნო წლებშიც ხელს შევუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას. ეს იყო ჩვენი დაპირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და დღეს ვიწყებთ სამუშაოებს, რომელიც 2023 წლის ბოლოსთვის მთლიანად იქნება დასრულებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ისაუბრა, ვანდალიზმია. კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი სივრცეებში და მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მომზადდა.

„თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება, კეთილმოწყობა, და ზოგადად, კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ პარკები, სკვერები, მოედნები, გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საზოგადოებრივი ობიექტები კეთილმოწყობილი იყოს და ყოველდღიურად მოქალაქეებს კომფორტულ გარემოში უწევდეთ გადაადგილება. ამ ყველაფრისთვის, რასაკვირველია, იხარჯება ძალიან დიდი რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური. ხედავთ თქვენც, ბოლო წლების განმავლობაში რამდენი პარკი და სკვერი გაკეთდა ან განახლდა, რამდენი საზოგადოებრივი სივრცე მოწესრიგდა. ამის ფონზე, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ სივრცეებში, ასევე, ახალ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ ინვენტარს ხშირ შემთხვევაში განზრახ აზიანებენ, უმრავლეს შემთხვევაში ამას აკეთებენ მოზარდები. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა და ინვენტარი ზიანდება და მას ჩვენი მოქალაქეები ვეღარ იყენებენ, მის აღსადგენად ან შესაცვლელად დამატებითი თანხების გამოყოფის საჭიროება ჩნდება, რაც შეიძლებოდა სხვა პროგრამებს მოხმარებოდა და ისევ ჩვენს თანამოქალაქეებს ესარგებლათ. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია პასუხისმგებლობის გამკაცრება, რათა ამ ვანდალური ფაქტების პრევენცია მოხდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, ვანდალური ქმედებისთვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 500 ლარი იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია გვქონდა და მოვამზადეთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები: მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. აღნიშნული კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს კანონმდებელთა მხარდაჭერის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, დღეს მოქმედი რეგულაციით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა მის მოადგილეს, კახა გულედანს და მუნიციპალურ ინსპექციას წყნეთის გზატკეცილზე უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება და იქ განთავსებული ამწის დემონტაჟი დაავალა. კახა კალაძის თქმით, ობიექტზე ამწის საშუალებით მოძრავი ტვირთი იქვე არსებული სკოლის მიმართულებით გადაადგილდება, რაც საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, კომპანია მშენებლობის გაგრძელებას ამწე მოწყობილობის დემონტაჟისა და სამშენებლო მოედანზე უსაფრთხო პირობების შექმნის შემდეგ შეძლებს.

„წყნეთის გზატკეცილზე, შპს „ამბრელასა“ და შპს „ბიჩ ბილდინგ ბაგების“ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდა ობიექტზე დამონტაჟებული ამწე მოწყობილობის აკრძალვის აუცილებლობა, ვინაიდან ტვირთის გადაადგილებისას არ არის უზრუნველყოფილი მომიჯნავე ნაკვეთებზე უსაფრთხოება, კერძოდ, საპირწონის კონსოლზე მიმაგრებული ტვირთი, ამწის განთავსების ადგილიდან გამომდინარე, გადაადგილდება შპს „ახალი სკოლის“ მიმართულებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, დავავალო კახა გულედანს და მუნიციპალურ ინსპექციას, დღესვე მოჰყვეს რეაგირება და შეჩერდეს მშენებლობა. დაიწყეთ არსებული ამწის დემონტაჟი და ამის შემდეგ ექნება კომპანიას შესაძლებლობა, გააგრძელოს სამუშაოები“, – განცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაინტერესებულ პირებს კიდევ ერთხელ შეახსენა A კატეგორიის ტაქსის ნებართვის გაცემის ვადები.

„საზოგადოებამ უკვე იცის, რომ 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან განსხვავებული მოდელი ამოქმედდება – ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონვე შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირველ აპრილს ვეღარ მიიღებენ უვადო ნებართვებს. გარდა ამისა, გაიზრდება უნებართვო საქმიანობაზე ჯარიმების გადასახადი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა წარადგინა. როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დავით მაქაცარიას საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია.

„თქვენ იცით, რომ ვაკანტურია ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობა. მინდა, ამ პოზიციაზე გამგებლობის კანდიდატად წარვადგინო დავით მაქაცარია. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში გადაიგზავნება და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა ექნება. დავითი პროფესიით ეკონომისტია, საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის ბოლო წლებში საქმიანობდა ბიზნეს სექტორში. დარწმუნებული ვარ, მისი მრავალფეროვანი გამოცდილება გამოადგება ჩუღურეთის რაიონს და იქ მცხოვრებ ადამიანებს. მინდა, დავითს წარმატებები ვუსურვო. რაიონში ბევრი პროექტია განსახორციელებელი, არის პრობლემები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რაიონს ჰყავდეს პასუხისმგებლობის მქონე ხელმძღვანელი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად, ღირსეულად უპასუხებს არსებულ გამოწვევებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომელი წარუდგინა.

„ბატონი ალექსანდრე ცინცაძე თითქმის 15 წელია თბილისის ზოოპარკის თანამშრომელია. იგი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს. თბილისის ზოოპარკი ჩვენი დედაქალაქის ისტორიის და თითოეული ჩვენგანის ბავშვობის ნაწილია, რასაც კარგად აცნობიერებს ბატონი ალექსანდრე. მისთვის ზოოპარკი მხოლოდ სამსახური არაა, მას აბედნიერებს ცხოველებზე ზრუნვა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ალექსანდრეს გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და წარმატებები ვუსურვო მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0