დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

28/12/2022

თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 632 მილიონ ლარია, რაც ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად, ჯამში, მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერმა ვიცე-მერთან ერთად წარადგინა. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებამდე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს წინაშე 2022 წლის ანგარიშით წარდგა.

„მოგესალმებით მეგობრებო! მე ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს საზოგადოებასთან. შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამას ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მომავალშიც. ერთგვარი ტრადიციაა, რომ ყოველწლიურად მოვიდეთ საკრებულოში, ვისაუბროთ ყველა იმ პროექტზე, რომელიც განვახორციელეთ და რომლებსაც მომდევნო წლებში განვახორციელებთ. დღეს, ვისაუბრებ მასშტაბურ, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებზეც ვმუშაობდით, ვმუშაობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას, გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს და მიზნებზე, რომელსაც ერთად უნდა მივაღწიოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

„თბილისს წელს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, მაგრამ გამარჯვებებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყო ბევრი პრობლემა და სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია, რამაც ეს ყველაფერი გააუფერულა, როგორც პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის და როგორც რიგითი ადამიანისთვის, ასევე ჩემი თანამშრომლებისთვის. ყველა სიძნელე და სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ყოველი თქვენგანისთვის, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, არის დაუძლეველი ტკივილი. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშეც გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს აღარ განმეორდეს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას კახა კალაძე თბილისის წლევანდელი საახალწლო სლოგანის შესახებ ოპონენტების კრიტიკას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მას სპეკულაცია უწოდა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სლოგანის გარშემო ატეხილი ხმაური მხოლოდ ოპონენტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებითა და მათი ანგაჟირებულობით აიხსნება.

„დღევანდელი ანგარიში ასევე მინდა დავიწყო იმის შეხსენებით, რომ ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი მიღწევა უფერულდება თუკი არ არის მშვიდობა. განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში. სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენს შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ, ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს „მშვიდობის ქალაქი“ არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს, გაუგებართან ერთად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით, ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული. ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია, არ ვიკადრებ, არც თქვენ არ გაკადრებთ, მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს, ყველაზე უკეთ ეს დღეს ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის. უკრაინელებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, ვინც კარგად ვიცით მშვიდობის ფასი და სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში ომია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძვიან ამ სლოგანს, თუმცა, თუკი ოპონენტების პოლიტიკური ანგაჟირების მიმართულებას, ხარისხს და ვიწრო პარტიულ ინტერესებს გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი და აშკარა ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები საკრებულოს ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარდგენა.

„დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს 1 მილიარდ 632 მილიონ ლარს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდილია. შეგახსენებთ, რომ 2022 წელთან შედარებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გაზრდილია 326 მლნ ლარის ოდენობით. გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი 2023 წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრების და პროექტების ფარგლებში განახორციელებს 166 მილიონი ლარის ღონისძიებებს. ჯამურად, თბილისში 2023 წელს განსახორციელებელი პროგრამების ოდენობა შეადგენს დაახლოებით, 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, შემოსავლები, კერძოდ, 1 მილიარდ 632 მლნ ლარი შედგება მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლებისგან, რომელიც არის 1 მილიარდ 157 მლნ ლარი და ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებული ტრანსფერებისგან, რომელიც 474 მლნ ლარს შეადგენს. დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შემოსავლები შედგება გადასახადებისგან, რომელიც 875 მლნ ლარია, მათ შორის, ქონების გადასახადი დაგეგმილია 250 მლნ ლარზე, დამატებითი ღირებულების გადასახადო 622 მლნ ლარია, სხვა შემოსავლები 229 მლნ ლარი, მათ შორის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 60 მლნ ლარი, დასუფთავების მოსაკრებელი 65 მლნ ლარი, ჯარიმები 67 მლნ ლარი და მშენებლობის მოსაკრებელი – 17 მლნ ლარი. არაფინანსური აქტივების კლება ანუ პრივატიზაცია განსაზღვრულია 55 მლნ ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 515 მლნ ლარის ღონისძიებების, ხოლო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით – 500 მლნ ლარის პროექტების განხორციელება; გარემოს დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 198 მლ ლარი, ტრანსპორტის სუბსიდია – 286 მლნ ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება – 39 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალური ბაღები -171 მლნ ლარი; ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლების პროგრამების ღირებულება ჯამურად 32 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გარდამავალი პროექტებისთვის გათვალისწინებულია 115 მლნ ლარი. გარდა ამისა, ვიცე-მერმა იმ ძირითად პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება 2023 წლიდან იგეგმება. მისი თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა და ახალი ავტობაზის მშენებლობა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტის მთლიანი ღირებულება 300 მლნ ლარზე მეტია, პროექტი მრავალწლიანია და მისი განხორციელება მომდევნო წელს დაიწყება 60 მლნ ლარის ფარგლებში, რომელთაგან 40 მლნ ავტობუსების შესაძენად იქნება მიმართული, ხოლო 20 მლნ – ავტობაზის მშენებლობისთვის. ასევე იგეგმება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლიც მოიცავს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელის, გარეგანათების სისტემის მოწყობას. პროექტის ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარია, რომელთაგან მომდევნო წელს გათვალისწინებულია 25 მლნ ლარის დახარჯვა. გარდა ამისა, დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება: დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია – 4 მლნ ლარი; უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია – 7 მლნ ლარი; მშვიდობის ხიდის რეაბილიტაცია – 2 მლნ ლარი; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. განხორციელდება წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში განხორციელდება 5 მლნ ლარის ღირებულების შესყიდვა. ვაზისუბანში განხორციელდება პარკის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება მთლიანობაში 7 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა 2023 წლის ხარჯი იქნება 3.5 მლნ. დიღომში, 31 000 კვ. მ ტერიტორიაზე, მაიაკოვსკის ძეგლთან არსებული პარკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 4 მლნ 900 000 ლარს შეადგენს. ციციშვილის პარკის რეაბილიტაციისთვის 3 მლნ 500 000 ლარის შესყიდვა განხორციელდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუხიანის პარკს. პროექტის ჯამური ოდენობა შეადგენს 5 მლნ 500 000 ლარს, თუმცა, ესეც გახლავთ 2023-24 წლების გარდამავალი პროექტი. კონკრეტულად 2023 წლის ხარჯი 2 მლნ 250 000 ლარი იქნება. პარკის ფართობი 28 000 კვ. მეტრია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება პირველი რესპუბლიკის პარკს და სამუშაოების ღირებულება 3 მლნ 500 000 ლარი იქნება.
ისნისა და სამგორის რაიონებში მოხდება რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია, რისთვისაც 4 მლნ ლარია გათვალისწინებული. სამგორში, ე.წ. სამხედრო ქალაქის მიმდებარედ, 130 000 კვ.მ-ზე სრულიად ახალი პარკი მოეწყობა. ნარჩენების მიმართულებით, 2023 წელს დაგეგმილია პოლიგონის მეოთხე უჯრედის მოწყობა, რისთვისაც გამოყოფილია 3 მლნ ლარი.
გათვალისწინებულია, ასევე, გმირთა მოედანთან და იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია. კახეთის გზატკეცილზე განხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია. ასევე, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ დაგეგმილია ახალი სპეცტექნიკის შეძენა რომლისთვისაც 9 მლნ ლარი დაიხარჯება. ხელოვნების სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის გამოყოფილია 2 მლნ ლარი. დიღმის მასივის მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებისთვის – 2 მლნ ლარი, სკეიტ პარკების და სტადიონებისთვის კი 3 მლნ ლარია გამოყოფილი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გაძლიერებისა და აღჭურვისთვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარი. უსახლკაროების პროგრამა 2023 წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც 5 მლნ ლარი დაიხარჯება, თუმცა, წლის განმავლობაში აღნიშნული თანხასევე, გაგრძელდება პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაც, რაშიც 10 მლნ ლარი დაიხარჯება. სასესხო კომპონენტების ფარგლებში, 2023 წელს შემდეგი პროექტები განხორციელდება: თბილისის მყარი ნარჩენების მართვა – 30 მლნ ლარი; საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა – 37 მლნ 500 000 ლარი; თბილისის მეტრო – 30 მლნ ლარი; მდგრადი ურბანული მობილობა – 25 მლნ ლარი; თბილისის ავტობუსების პროექტის მეორე ფაზა – 30 მლნ ლარი. როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, მომავალი წლის იანვარში ასევე წარმოდგენილი იქნება 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების ახალი პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება გარდამავალი ნაშთი და დამატებითი ღონისძიებები ჩატარდება. დედაქალაქის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0