დედაქალაქის ქუჩები 24 აპრილიდან სისტემატურად მოირეცხება

18/04/2023

24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩების ინტენსიური დასუფთავება დაიწყება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, „თბილსერვის ჯგუფი, განახლებული ტექნიკით, ქუჩებს სისტემატურად მორეცხავს. მისივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მერია დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტროსაც სთხოვს.

„თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეგვიძლია ვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგვეხმარება. როგორც ყოველთვის, გვერდით გვიდგანან. მხედველობაში მაქვს სახანძრო მანქანები, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ბევრ ქუჩაზე მოვახერხებთ დასუფთავების სამუშაოების წარმოებას. ორშაბათიდან, 24 აპრილიდან დავიწყოთ სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ იმ განახლებულ რესურსზე ისაუბრა, რომელიც წელს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს სამუშაოების ეფექტიანად წარმოებისთვის.

„ჩვენ მასშტაბურ დასუფთავებას წინა წლებშიც ვახორციელებდით, თუმცა „თბილსერვის ჯგუფს“ არ ჰქონდა სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა. ახლა ჩვენ უკვე ყველანაირი აღჭურვილობა შევიძინეთ და მზად ვართ, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ქუჩების სისტემური მორეცხვა. ასზე მეტი ქუჩა მოირეცხება, ყველა მნიშვნელოვანი პანდუსი, გამზირი, გზაგამყოფი და ა.შ. იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას განცხადებით, უკვე შეძენილია ახალი ტექნიკა, რომლის მეშვეობით სამუშაოები ყოველ ღამით, გათენებამდე იწარმოებს.

„წელს, შარშანდელთან შედარებით, კარგი მდგომარეობა გვაქვს. შევიძინეთ, დაახლოებით, 15 ერთეული სპეცტექნიკა. წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, 20 ერთეული გამართული სპეცტექნიკით შევხვდებით ზაფხულს. ყოველდღიურ რეჟიმში მოირეცხება ასზე მეტი ქუჩა, გზატკეცილები, პანდუსები, გვირაბები, ხიდები, ასევე, როგორც პირველი, ისე მეორე კატეგორიის ქუჩები. ეს არ იქნება ერთჯერადი, არამედ გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველდღიურად. სამუშაოები დაიწყება ღამით, 00:00 საათიდან და გაგრძელდება 07:30 საათამდე. ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემა გადაჭრილია. შარშან, ასევე, ძალიან დიდი პრობლემა იყო ის ფაქტი, რომ ქალაქს ჩვენივე ტექნიკა აბინძურებდა, წელს ეს პრობლემაც აღარ გვაქვს, შეძენილია კერხერებიც და სპეცტექნიკაც“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0