დედაქალაქის საკრებულოში 2021 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება Covid-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრების შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა და ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით და სოციალური ქსელის ვიდეოჩართვით გადაიცა. დაჯილდოების წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„როგორც წესი, მთელი დედაქალაქი განსაკუთრებულად ელოდება თბილისობას, ზეიმსა და მხიარულებას, რომელიც თბილისში უყრის თავს მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს და უცხოელ სტუმრებს. მართლაც არაფერი სჯობს შემოდგომის ამ საყოველთაო ზეიმს და მხიარულებას. თუმცა, ყველაფერი უფერულდება, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება! თბილისში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა სოლიდარობის ცნებას, ერთმანეთის ტკივილის გაზიარებას და როდესაც ბათუმში დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას მთელი ქვეყანა ვგლოვობთ, არ შეგვეძლო არ მიგვეღო გადაწყვეტილება თბილისობასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გაუქმებასთან და ამისთვის განკუთვნილი სახსრების დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ამიტომ, წელს მხოლოდ ერთი გამორჩეული ტრადიციით შემოიფარგლება თბილისობის ღონისძიება და ეს ღვაწლმოსილი, გამორჩეული ადამიანებისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, საპატიო თბილისელის სტატუსის მინიჭება არის ამ ადამიანების მიერ თბილისის წინაშე გაწეული ღვაწლის მინიმალურად დაფასება.
„ამ ქალაქს, მის მრავალფეროვნებას, ღირებულებებს, ტრადიციებსა და კულტურას აქ მცხოვრები ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ და დღემდე ქმნიან, ზოგიერთ მათგანს კი ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება და ღვაწლი აქვს. თბილისს უამრავი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი თუ ექიმი აღუზრდია, თბილისში ბევრი ისეთი პროფესიის ადამიანიც ცხოვრობს, რომლის საქმიანობაც, ერთი შეხედვით, უშუალოდ თითქოს არ უნდა იყოს დაკავშირებული ადამიანების გადარჩენასთან, დახმარებასთან, ან რაიმე სხვა განსაკუთრებული ნიშნით გამორჩევასთან, თუმცა თბილისმა ყველას გვასწავლა, რომ პროფესია კი არ გამოარჩევს ადამიანს, არამედ ადამიანი გამოარჩევს პროფესიას, თავისი გულწრფელი, უანგარო, საკუთარი ხალხის, ქვეყნის და ქალაქისადმი სიყვარულით აღსავსე ქმედებებით და ცხოვრების წესით.
დღეს, გვსურს ჩვენი ქალაქისთვის საყვარელ, დასაფასებელ და საპატიო ადამიანებს ოფიციალურად მივანიჭოთ საპატიო თბილისელის წოდება, რადგან მინიმალურად მაინც დავაფასოთ თბილისის წინაშე გაწეული მათი ღვაწლი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:
რისმაგ გორდეზიანს – ქართველ მეცნიერს, ფილოლოგს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრს, აკადემიკოსს.
აკაკი ნადარეიშვილს – ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
ირაკლი ფავლენიშვილს – ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
რამაზ ყურაშვილს – ექიმ-ენდოკრინოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
დავით კვაჭაძეს – ფოტოგრაფს, ამავდროულად კრივის სამგზის ჩემპიონს და სპორტის დამსახურებულ ოსტატს;
ლილი კინწურაშვილს – ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, რომელიც უკვე 49 წელია მუნიციპალიტეტს ემსახურება;
ელგუჯა ბურდულს – ცნობილ მსახიობს, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრს;
პაატა კერვალიშვილს – ფიზიკოსს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებულ მეცნიერს ატომური ენერგიის მიმართულებით.
ინგა ჯიბუტს – ენისა და ლიტერატურის სპეციალისტს, ტერმინოლოგს, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელს.
ბადრი ქუთათელაძეს – მწერალს, პოეტსა და მკვლევარს, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატს, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, ღირსების ორდენის კავალერს;
გრიგოლ ჩიგოგიძეს – თეატრმცოდნესა და ჟურნალისტს, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისი“-ს დამფუძნებელს და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატს;
დავით მუსხელიშვილს – ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოსს.
გივი ღამბაშიძეს – პროფესიით ზეინკალს, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. გივი ღამბაშიძის თაოსნობით მოხდა საწარმოო ტერიტორიის განაშენიანება, გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობაში.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის ბიგ ბენდი.