დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

27/12/2021

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 545 მლნ ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბიუჯეტი სწორედ იმ პროგრამებზე და პროექტებზე იქნება მიმართული, რომელთა განხორციელებას თბილისის მერი მოსახლეობას დაჰპირდა.

„თბილისში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების ჯამი გახლავთ მილიარდ 545 მლნ ლარი. აქედან საბიუჯეტო ნაწილი არის მილიარდ 305 მლნ ლარი, ხოლო დანარჩენია სესხის ნაწილი, რომელიც შეადგენს 240 მლნ ლარს. საშემოსავლო ნაწილი: ეს არის პრივატიზაცია – 75 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები – 757 მლნ ლარი, მათ შორის, 210 მლნ არის ქონების გადასახადი, ხოლო 547 მლნ – დამატებული ღირებულების გადასახადი; სპეციალური ტრანსფერი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აძლევს მუნიციპალიტეტს, არის 225 მლნ ლარი, რომელიც მიმართულია პირდაპირ პროექტებზე, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის მომსახურების მიზნით 43 მლნ 500 ათასი ლარი. სხვა შემოსავლები შეადგენს 203 მილიონს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერმა ასევე ისაუბრა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რომელიც გათვალისწინებულია როგორც გარდამავალ პროექტებზე, ასევე იმ ახალ პროექტებზე, რომლებიც 2022 წელს დაიწყება.

„რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 87 მლნ ლარი, მათ შორის, რაიონული საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 52 მლნ ლარი, ხოლო ცენტრალური საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 35 მლნ ლარი. სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისთვის 175 მლნ ლარი, ინფრასტრუქტურის სამუშაოები, კეთილმოწყობა და თბილისის განვითარების ფონდის მიმართულება – 260 მლნ ლარის ხარჯებია გათვალისწინებული. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება – 167 მლნ ლარი, ჯანდაცვის მიმართულებით 176 მლნ ლარი, ჯამში 20 მლნ ლარით არის გაზრდილი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, განათლების მიმართულებით გამოყოფილია 208 მლნ ლარი, მათ შორის, 145 მლნ ლარი გათვალისწინებულია ბაგა-ბაღების დაფინანსებისთვის, როგორც ბაღების მართვისთვის, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ხოლო კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით გამოყოფილია 49 მლნ ლარი. ვიცე-მერის განცხადებით, მომავალ წელს, გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თბილისის ბიუჯეტიდან 190 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ეს პროექტებია: ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დასრულება; უნივერსიტეტის და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობა; ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ზღვის უბნის პარკის მოწყობა; ფურცელაძის #30, #32 და #34 ნომრების რეაბილიტაცია. ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამები, რომლებიც შემდეგ მისამართებზე განხორციელდება: ორბელიანის ქუჩა #19 და #23, რომის ქუჩა #4, კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია, ერეკლე მეორეს #6 და #7-ის მშენებლობა, ანტონ კათალიკოსის #30, #32 #34-ის რეაბილიტაცია, წინამძღვრიშვილის #1-ის რეაბილიტაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, 2022 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გუდიაშვილის მოედანზე, 9 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება – 20 მლნ ლარი; ვარკეთილში, #180 სკოლის მიმდებარედ, მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება – 7 მლნ ლარი; დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება – 1 მლნ 853 ათასი ლარი; ლადო ასათიანის ქუჩა #50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება – 1 მლნ 104 ათასი ლარი. გარდა ამისა, თბილისის მერიის მიერ შესყიდული 180 ერთეული ავტობუსის პროექტის ფარგლებში, მოსაწოდებელი ავტობუსების ღირებულება მომავალი წლის ბიუჯეტიდან 62 მლნ ლარით დაფინანსდება.
როგორც ვიცე-მერმა განაცხადა, თბილისის 2022 წლის ბიუჯეტით კიდევ 6 საბავშვო ბაღის მშენებლობაა გათვალისწინებული.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა გათვალისწინებულია შემდეგ მისამართებზე: ისნის რაიონში, კერძოდ, ნავთლუღში; კრწანისის რაიონში, კერძოდ, ოქროყანის დასახლებაში; სამგორის რაიონში, ლილოსა და აფრიკის დასახლებებში; ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩის მიმდებარედ. გარდა ამისა, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაგეგმილია #19 ბაღის ავარიული შენობის ადგილზეც. თბილისის ვიცე-მერმა ასევე ახალ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც 2022 წელს დაიწყება და ამავე წელს დასრულდება.

„ეს პროექტებია კრწანისის ქუჩის რეაბილიტაცია, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, მინდელის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება – ამისთვის ჯამში 12 720 000 ლარია გამოყოფილი. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა – ეს არის 20 მილიონი ლარი. ამასთან, პროგრამა, რომელიც ყველამ კარგად იცით და რომელზეც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით – ეს არის უსახლკარო ოჯახების დახმარების პროგრამა. მათთვის საცხოვრებელი ბინების შეძენა – 5 მილიონი ლარი. გარდა ამისა, პენსიონერებისთვის 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერით დახმარებისთვის გამოყოფილია 10 მილიონი ლარი. ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მე-8 ხელოვნების სკოლისთვის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით – 750 000 ლარი. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუბინაშვილის 21-ში – 1 300 000 ლარი. 15 პარკის პროექტი -10 მლნ ლარი, რომელიც, ძირითადად, გეგმარებითი და საპროექტო სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. სპორტული ცენტრების მშენებლობა 5 000 000 ლარი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება სესხს, ვიცე-მერის განცხადებით, 100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, 60 მლნ ლარი – ახალი ავტობაზების მშენებლობას, 20 მლნ ლარი – პირველი და მეორე ავტობაზის რეაბილიტაციას, 20 მილიონი ლარი გამოყოფილია ჭკვიანი შუქნიშნების პროექტისთვის, 30 მლნ – ნარჩენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, ხოლო 8 მლნ ლარი – დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0