დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში 50 მილიონი ლარი დაემატება. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება. 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის ანგარიში მოისმინეს. კახა კალაძემ ანგარიშის დასაწყისში ყურადღება გაამახვილა თანამოქალაქეებისგან მიღებულ ნდობაზე და დედაქალაქის წინაშე არსებულ, 2020 წლის გამოწვევებზე ისაუბრა.
„პირადად ჩემთვის, თითოეული გაკეთებული საქმე, რომელიც თბილისის განვითარებას, თბილისის გალამაზებას, აქ მცხოვრები ადამიანების გახარებას ემსახურება, დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, როდესაც ადამიანებისგან იღებ ნდობას, რომ დედაქალაქი მართო და მასზე იზრუნო და უკეთესი გახადო. ეს ქალაქი ყველას საერთო საკუთრებაა და ყველანი ვართ პასუხისმგებელი, რომ ქალაქში არსებული მდიდარი მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ, ქალაქში არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და მომავალ თაობებს განვითარებული, წარმატებული ქალაქი დავუტოვოთ. თბილისელებმა ჩვენს გუნდს სწორედ იმიტომ გამოუცხადეს ნდობა, რომ თბილისის და თბილისელების წინაშე არსებული გამოწვევები დავძლიოთ. ეს კი, ჩვენი გუნდის აზრით, იმ შვიდი ძირითადი პოლიტიკის განხორციელების შედეგად მიიღწევა, რომელიც ჩვენს პროგრამაში იყო გაწერილი, ჯერ კიდევ 2017 წელს, წინასაარჩევნოდ. რა თქმა უნდა, ამ შვიდ პოლიტიკაში ასახული იყო დედაქალაქის ყველა ძირითადი პრობლემური მიმართულებები. ყველა ამ მიმართულებით მუშაობა, გამოწვევებზე ღირსეული პასუხი და პრობლემების მოგვარება მოგვცემს იმას, რომ თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი. იმ დღიდან მოყოლებული, რაც ჩვენმა გუნდმა თბილისის მუნიციპალიტეტი ჩაიბარა, ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით, მე, როგორც ქალაქის მერი, ვალდებული ვარ, ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას და საკრებულოს. ჩვენს დედაქალაქს უამრავი სირთულე ახსოვს და გადაულახავს. ალბათ ერთ-ერთ ასეთად ჩაითვლება შემდგომში 2020 წელიც. როგორც მთელ მსოფლიოს, ასევე საქართველოს და რასაკვირველია, თბილისსაც კორონავირუსთან დაპირისპირება მოუწია. პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ სირთულეებს ემოციურიც დაერთო. ძალიან ძნელი იყო ამხელა ქალაქის შეგუება ახალ რეალობასთან. ძალიან ძნელი იყო იმ დაწყებული პროექტების შეჩერება და სახეცვლილება, რაც დაგეგმილი გვქონდა და რაც დავპირდით თბილისელებს. ქალაქი თითქმის მთელი წელი ცხოვრობს სხვადასხვა სახის შეზღუდვების პირობებში; ქალაქი თითქმის მთელი წელი იყო დინამიური პოლიტიკური პროცესების შუაგულში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, როგორც ქალაქის მერმა: ვალდებული ვარ, მიუხედავად ყველაფრისა, აღებული პასუხისმგებლობა თითოეული ჩემი თანამოქალაქის წინაშე, მუნიციპალიტეტის წინაშე და კანონის წინაშე აღვასრულო. ვერანაირი გამონაკლისის დაშვება, არანაირი გადადებული საქმეები, ვერც სხვადასხვა მიზეზებზე ისრების გადატანა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისას არ და ვერ მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენ ვართ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მთავარი სცენა, იმიტომ, რომ ჩვენი დედაქალაქი არის საქართველოს გული, საქართველოს გონება და ქვეყნის ცხოვრების რიტმის განმსაზღვრელი. ჩვენ ყველამ ერთად კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამხელა სამუშაო გვაქვს წინ, რამხელა გამოწვევების წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენი გადაწყვეტილებით და რამდენად ანგარიშვალდებულები ვართ, არა მარტო თბილისელების, არამედ ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.
„2020 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი შეადგენს 1 113 193 კვ. მეტრს. ამავე წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 873 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი; დაირგო 47 384 მწვანე ნარგავი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში ჯამში 39 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში 60 მილიონი ლარი, გარდა ამისა, 13 მილიონი ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად; წელსვე მერიის მხარდაჭერით განხორციელდა 60 სპორტის, 235 კულტურულ-შემეცნებითი და 50 ღონისძიება ახალგაზრდობისა და განათლების მიმართულებით; დაიწყო მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში. მომავალში აღნიშნული პროექტები თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება. გარდა ამისა, წელს, ლილოს დასახლებაში აშენდა საცურაო აუზი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხ სპორტულ ცენტრს, ხოლო სპორტული ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი; ეკიპირებითა და ინვენტარით დახმარება გაეწია 15 სპორტულ ორგანიზაციას და ფედერაციას. თბილისის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამ ახალგაზრდებს სჭირდება ჩვენი თანადგომა, იმიტომ, რომ მათი განათლება ისევ ჩვენი ქვეყნის და ქალაქის საკეთილდღეოდ უნდა იქნეს გამოყენებული. ამ პროგრამის ფარგლებში სწავლა დაუფინანსდა 700 ახალგაზრდას, ხოლო წამახალისებელი სტიპენდია დაენიშნა 300-ზე მეტ სტუდენტს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მსხვილი ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ. მისი თქმით, შეუძლებელი იქნებოდა ამაზე საუბარი, რომ არა მერიისა და დაქვემდებარებული უწყებების თითოეული თანამშრომელი.
„მინდა ამ და სხვადასხვა გაკეთებული საქმისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, დაწყებული მეეზოვედან, დამთავრებული ვიცე-მერამდე, აბსოლუტურად ყველას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ, რომ თქვენი მხარდაჭერის, თანადგომის გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა იმ წარმატებასა და პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რომელიც ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული. ძალიან რთული იყო 2020 წელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, 2021 უფრო მაგარი წელი იქნება, როდესაც ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი, კარგი პროექტის განხორციელებას თბილისისთვის და თბილისელებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ იმ საქმიანობაში, რასაც ჩვენ დედაქალაქის საკეთილდღეოდ ვაკეთებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე დეტალურად თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
„ბიუჯეტის მეოთხე პროექტია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. მიხარია, რომ არცერთ შემთხვევაში, ეს მილიარდ ლარზე ნაკლები არ ყოფილა. თითოეულ შემთხვევაში, ეს იყო დაახლოებით, მილიარდ 100 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს დაპირება შესრულებულია. ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020 წელს დაიწყო პანდემია, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკურ სექტორზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რასაკვირველია, ეს გავლენას ახდენს საბიუჯეტო შემოსავლებზეც. 2021 წელი, შეიძლება ითქვას, რომ არის ასევე ის წელი, სადაც ნეგატიური ეკონომიკური მოვლენები საბიუჯეტო შემოსავლებისთვის ისევ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წარმოდგენილია 1 მლრდ 50 მლნ ლარის ოდენობით, რაც საკმაოდ დიდია. ყოველ შემთხვევაში, იმ გამოწვევებს პასუხობს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლა მითუმეტეს, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტუალური ხდება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელება. პირველ რიგში, იგეგმება სოციალურ საჭიროებებზე გათვლილი, შემდეგ კი სხვა მიმართულების ხარჯები. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 30 მლნ ლარით მეტია დაგეგმილი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. მათ შორის, საბინაო პროგრამების მიმართულებით, დაახლოებით, 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 425 მილიონი ლარი გამოიყოფა. მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე, ახალი პარკი ვარკეთილის ხევში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.
სხდომის დასასრულს დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მიმართა საკრებულოს წევრებს.
„მერწმუნეთ ეს მხოლოდ ჩემი, როგორ მერის ამოცანა არ არის, ეს პირადი ამბიცია და მიზანიც გახლავთ, რომ თბილისი ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე წინა წლებში, რათა ჩვენს მომავალ თაობებს კომფორტული, ისტორიით, ტრადიციებით, სიმწვანითა და სიცოცხლით სავსე ქალაქი დავუტოვოთ. თბილისმა, პირადად მე ძალიან ბევრი რამ მომცა. დაწყებული ადამიანებით, დამთავრებული იმ ემოციებითა და ურთიერთობებით, რაც ზრდასრულ ადამიანებად გვაყალიბებს, ადამიანებად, რომლებიც ერთმანეთზე, საკუთარ ქუჩაზე, უბანზე, ქალაქზე ვართ პასუხისმგებლები. ძალიან ამაყი ვარ, რომ მომიწია ჩემი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე მესახელებინა, გამეტანა საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ. ახლა კი, მაქვს პატივი ჩემს ქალაქსა და მოქალაქეებს ვემსახურო, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ყოველდღიურად შრომობთ, ენერგიას არ ზოგავთ ამ ქალაქის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის აკეთებთ მაქსიმუმს. ის განწყობა, ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ყოველდღიურად თბილისელების მხრიდან, არის ძალიან დიდი სტიმული და გვაძლევს დამატებით ენერგიას, 24 საათის განმავლობაში ვემსახუროთ თბილისსა და თბილისელებს.“, – განაცხადა კახა კალაძემ.