დედაქალაქის მერმა საზოგადოებას პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ანგარიში წარუდგინა

02/03/2023

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ანგარიში წარუდგინა და პროგრამაში რეგისტრაციის ვადის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით, 70%-ია.

„ბევრს საუბრობენ, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ არის. ამავდროულად, ხშირად ბიზნესსექტორი ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის მუშა ხელს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მათთან და მივიღეთ კონკრეტული მიმართულებები, თუ სად სჭირდებათ კადრები. შესაბამისად, შევიმუშავეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისაც ამის სურვილი აქვს, სხვადასხვა მიმართულებით გადავამზადოთ, გავზარდოთ მათი პროფესიონალიზმი, სახელმწიფო სერტიფიკატები გადავცეთ და დასაქმებაში დავეხმაროთ. დაახლოებით, 70%-ია მაჩვენებელი ადამიანებისა, რომლებიც გადამზადდნენ და დასაქმდნენ, თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა, ეს მაჩვენებელი გავზარდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსურველები სხვადასხვა სფეროს შეისწავლიან და შესაბამისი მიმართულებით დასაქმდებიან.

„აღნიშნული პროგრამა ბევრ მიმართულებას მოიცავს. წელს დაემატება ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაშიც „სქილვილ აკადემია“ ჩაერთო. თანამედროვე მსოფლიოში ეს მიმართულება ყოველწლიურად ძლიერდება. საქართველოშიც დიდი რესურსი გვაქვს, მოქალაქეებს ეს სფერო ვასწავლოთ და როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ კომპანიებში დასაქმდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, კადრების დეფიციტია სამშენებლო სექტორშიც, რისი ერთ-ერთი მიზეზი მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნის მიზნით, ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინებაა.

„ყოველდღიური შეხება მაქვს სამშენებლო სექტორთან და ვიცი, რომ სერიოზული პრობლემაა კვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან დიდია ქვეყნიდან მათი გადინება. რა თქმა უნდა, ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ წავიდნენ ევროპაში და უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური ნახონ თავიანთ სფეროში. ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, რომ წავიდნენ და განვითარდნენ. ჩვენ იმიტომ მივისწრაფვით ვიზალიბერალიზაციისკენ, იმიტომ არის ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეებს თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული პროგრამის ახალ ეტაპზე დეტალურად თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ დაინტერესებული მოქალაქეები ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა – www.dasakmdi.ge-ზე, დღეიდან 16 მარტის ჩათვლით შეძლებენ, სწავლა კი 20 მარტს დაიწყება.

„ეს არის შრომის ბაზარზე, დღეს არსებული მოთხოვნადი პროფესიების მოკლევადიანი – საშუალოდ, სამთვიანი გადამზადების კურსი. ათიდან შვიდი ადამიანი, ვინც ამ პროგრამაში ერთვება, საქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სამშენებლო-საინჟინრო სექტორი, რაც ტრადიციულად მოთხოვნადია, პროგრამაში ფართოდ არის წარმოდგენილი. გაძლიერდა და დაემატა IT მიმართულება, რასაც ვფიქრობ, დიდი გამოხმაურება ექნება. სტუმარ-მასპინძლობა და ტურიზმი ტრადიციული სექტორებია ჩვენი დედაქალაქისთვის და ქვეყნისთვის. წარმოება, მომსახურება, საფინანსო, სატრანსპორტო სექტორი, ჯანდაცვა და ვეტერინარია ასევე, ძალიან აქტუალური სექტორებია ამ ბოლო დროს. ჯამში, დღეისთვის 50-მდე შეთავაზება არსებობს. არანაირი მოთხოვნა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ იყოთ 18 წლის და რეგისტრირებული დედაქალაქში. არანაირი კონკურსი და გადარჩევა არ ხდება. უბრალოდ, უნდა მოინდომოთ და თქვენთვის მისაღებ სპეციალობაზე დარეგისტრირდეთ“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ანდრია ბასილაიამ პროგრამის პარტნიორებს – ბიზნესსექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე, პროგრამა ვერ განხორციელდებოდა.

„აღნიშნული პროგრამა ვერ განხორციელდებოდა ჩვენი პარტნიორების გარეშე. ესენია დედაქალაქში არსებული პროფესიული სასწავლებლები – „სპექტრი“, „იკაროსი“, „მერმისი“ და გლდანის სასწავლო ცენტრი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. აღნიშნული მოდულები სწორედ მათთან ერთად შევიმუშავეთ. წელს გვემატება უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც გადამზადებას ძალიან აქტუალური, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიმართულებით დაიწყებს“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, პროგრამის ფარგლებში, 2018 წლიდან დღემდე, 6 500 ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 70% დასაქმდა. 2023-2025 წლებში, პროგრამაში დაგეგმილია 10 000 მოქალაქის ჩართვა.

„ჯამში, 110-ზე მეტ კომპანიაში დასაქმდნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა გაიარეს. არანაირი წინასწარი უნარ-ჩვევა არ სჭირდება ადამიანს, ვინც ამ პროგრამაში ერთვება. სამ თვეში მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეული ანაზღაურება მიიღოს. თუ იქნება შესაბამისი მოთხოვნა, ამ მიმართულებით რესურსს აუცილებლად გავზრდით. აქტიურად ვმუშაობთ სპეციალობების რიცხვის გაზრდისა და ახალი პარტნიორების დამატებაზეც“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები – ირაკლი ბენდელიანი და კახა გულედანი, ასევე, თბილისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0