ვარკეთილში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დედაქალაქის მერი დაესწრო. კახა კალაძემ ვარკეთილში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ცენტრი მისცემს მათ საშუალებას თავიანთი ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინონ.
„ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ვარკეთილში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. წინასაარჩევნოდ ვიმყოფებოდით აქ და რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა იყო, ვიდრე ახლაა. ყველაფერი გაპარტახებული იყო. დავპირდით მოსახლეობას, რომ აქ საუკეთესო სპორტულ ცენტრს მოვაწყობდით. მართლაც, მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, სწორედ ასეთი ცენტრები გვქონდეს ყველა რაიონში. აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი გამოავლინონ. ყველანაირი პირობაა, რათა პატარებმა შეძლონ თამაში და კომფორტულ გარემოში იყვნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო ერთი სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი 230-ლუქსიანი განათებით და მინი საფეხბურთო მოედანი განათებით. ასევე, 180-ადგილიანი ტრიბუნა, რომელიც აღჭურვილია შშმ პირთათვის განკუთვნილი პლატფორმით. აიგო ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, მსაჯების, სამედიცინო, მწვრთნელების ოთახებით და სხვა საჭირო სივრცეებით.
საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამის – FORWARD-ის მიერ დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 2 223 174 ლარია.
სპორტული კომპლექსით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლებს, სამოყვარულო გუნდებს, ბავშვთა რეგიონულ ნაკრებებს. გახსნის ცერემონიაში მონაწილებდნენ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები.
ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და საკრებულოს სხვა დეპუტატები ესწრებოდნენ.