დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს რეინჯერთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას

12/12/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს რეინჯერთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მოტივაციის ამაღლების პროცესს. კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდის „511“ სპეციალური ფორმით დაცული ტერიტორიების ყველა, 610 რეინჯერის აღჭურვას. დამატებით, 10 კომპლექტი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას გადაეცემა”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) წლების განმავლობაში თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში. კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყველა ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევით, ასევე, ფინანსური მხარდაჭერით სახელფასო დანამატების სახით. ახალ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, ტობიას მიუნხმაიერმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა მოაწერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0