დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა მოაწერეს.
„დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან. მოხარული ვართ, რომ წელსაც მოვაწერეთ ხელი ამ მნიშვნელოვან გრანტს, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მათ კეთილდღეობას”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, სახელფასო დანამატს მიიღებს დაცული ტერიტორიების სისტემაში შემავალი ტერიტორიული ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს სააგენტოს ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ყველა თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
„გრანტი, რომელსაც ჩვენ გავცემთ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ემსახურება რეინჯერების მოტივაციის ამაღლებას და მათ მხარდაჭერას, უნიკალური ბუნების დასაცავად გაწეული ყოველდღიური უდიდესი საქმიანობისთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენც მიგვიძღვის წვლილი მათი მოტივაციის ამაღლებაში. გარდა ამისა, ვმუშაობთ რეინჯერებისთვის ჯილდოებისა და ბონუსის სისტემის შექმნაზე, რაც, მათ მიერ შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო დააფასებს მათ საქმიანობას“, – აღნიშნა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა.
კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) წლების განმავლობაში თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.