თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობისმყოფელი ავღანეთიდან პატივით გამოაცილეს 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულ ქართველ მშვიდობისმყოფელს სამშობლოში გადმოსვენებამდე პატივი ავღანეთში მიაგეს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშიდი კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში გადაიხადა. სამლოცველოდან დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი ბაგრამის აეროპორტში გადაასვენეს. თვითმფრინავში პატივით დასვენებამდე, აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაური, ოთხვარსკვლავიანი გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ორვარსკვლავიანი გენერალი ჯონ ტომსონი და კოალიციური ძალების წარმომადგენლები ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად დაესწრნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (დაბ. 23.10.1991) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა. იგი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონში ათეულის მეთაური იყო. სკოლის დასრულების შემდეგ (2010 წელს) საკუთარი სურვილით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ – 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. ამჯერად, კი, უკვე მესამედ ის ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. მან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის მეთაურის კურსი გაიარა. მონაწილეობდა უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლებაში “Rapid Trident 2013”.
დაღუპული სამხედრო ავღანეთიდან პატივით გამოაცილეს
06/08/2017