დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

14/06/2017

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები სამეგრელოს,გურიის და იმერეთის რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. მავნებლის საწინააღმდეგოდ დაახლოებით 48 ათასი ჰექტარი ფართობის დამუშავებაა დაგეგმილი. სამუშაოების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი აბაშის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ატარებენ. ქიმიური წამლობისას გამოიყენება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში. მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობის არეალი იმ მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ჩაატარა. მონიტორინგის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება. პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით ჩატარდა სწავლებები და აქტიური საინფორმაციო კამპანია. აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0