თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიას დაესწრო და ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ოლიმპიური თამაშები წელს განხვავებულ ფორმატში, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.
„პირველ რიგში, მინდა, წარმატებები გისურვოთ. ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი. ვიცი, რამხელა დატვირთვა და როგორი შეგრძნებაა. თქვენ მარტო არ ხართ. იცოდეთ, რომ თქვენ უკან სრულიად საქართველო დგას. ეს ოლიმპიადა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება, რადგან გულშემატკივრები არ დაიშვებიან. მესმის, რამდენად რთულია გულშემატკივრის გარეშე ასპარეზობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, საქართველოდან გეყოლებათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი – სრულიად საქართველო. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ დიდ გამარჯვებას და მედლებით დავბრუნდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ქარველ სპორტსმენებს ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენი სახით, გამორჩეული სპორტსმენები გვყავს. წლების განმავლობაში ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. დავიტრაბახებ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი მედალი მივიღეთ. ასეთი რამ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არ ყოფილა და ეს თქვენი დამსახურებაა. მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა წინა თაობის სპორტსმენებს, წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც მთელი ჩემი ბავშვობა ვუყურებდით, ვგულშემატკივრობდით და ჩვენი სტიმული იყვნენ. დღეს თქვენ შემოგცქერით მომავალი თაობები, ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ, თქვენი წარმატებები მათთვის დამატებითი სტიმული იქნება, რათა ისინიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულები იყვნენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.