პარლამენტის წევრების – ირაკლი (დაჩი) ბერაიას, სულხან მახათაძის, დავით სონღულაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თაობაზე იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე. პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კოლეგებს კანონპროექტის არსი გააცნო და მისი მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩნდება თამბაქოს ახალი ნაწარმის და ელექტრონული სიგარეტის ცნებები ისეთივე ფორმულირებებით, როგორც ესაა ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივაში. კერძოდ, თამბაქოს ახალი ნაწარმი არის თამბაქოს შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შედის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თამბაქოს ნაწარმის არც ერთ კატეგორიაში და საქართველოს ბაზარზე განთავსებულია ამ კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
კანონპროექტით განიმარტა ელექტრონული სიგარეტის ცნება, რომელიც გამოიყენება ნიკოტინის შემცველი ორთქლის მოხმარებისთვის. წარმოდგენილი კანონპროექტით, თამბაქოს ახალ ნაწარმზე გავრცელდება სამედიცინო გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე ცვლილებები შევა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში“.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი ცვლილების შემდგომ განხილვას. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება)“ ცვლილება ნომერი ოთხი“, რომლის მიზანია სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდი ინტეგრაცია და ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დაცვა დაგეგმილი აქტივობების მეშვეობით.
საკითხი სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.
მანვე კომიტეტს კიდევ ერთი დოკუმენტი წარმოუდგინა განსახილველად – საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერი ოთხი“.
პროექტის მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორივე ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა
08/07/2019