დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სამი წლის ანგარიში მოისმინა

25/03/2024

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სამი წლის ანგარიში მოისმინეს. მომხსენებლის, ბიზნესომბუდსმენ ოთარ დანელიას განცხადებით, უწყება საანგარიშო პერიოდში აგრძელებდა საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობას. ანგარიშში ასახულია საქმიანობის სფეროების, რეგიონების და მოპასუხე უწყებების მიხედვით ბიზნესომბუდსმენის აპარატში შესული განცხადებების სტატისტიკა. მომხსენებლის ინფორმაციით, ამ პერიოდში ათასზე მეტი მიმართვა დაფიქსირდა, საიდანაც უმეტესზე მნიშვნელოვანწილად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შუამდგომლობები.

„მხოლოდ გასული წლის მანძილზე ჩატარდა ორასზე მეტი შეხვედრა, შემოვიდა 250-მდე კორესპონდენცია. დავნერგეთ და რამდენიმე მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით გამოვიყენეთ „სასამართლო მეგობრის“ ინსტიტუტი. დავები ძირითადად მიმდინარეობს საგადასახადო შეუთანხმებლობის ფონზე და როდესაც ვხედავთ, რომ მხარეს აქვს მყარი საფუძვლები, რათა შევძლოთ შუამდგომლობა გავუწიოთ „სასამართლო მეგობრის“ სახით, ჩვენ ამას ეფექტურად ვაკეთებთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მანვე ისაუბრა იმ მიმდინარე საკითხებზე, რაც ბიზნესისთვის ყველაზე პრობლემურია, მათ შორისაა: არაკვალიფიციური მუშახელი, 48-საათიანი სამუშაო გრაფიკი და სხვა. მომხსენებლის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია წვრილმანი ხულიგნობისა და ქურდობის შემთხვევები საცალო ვაჭრობის ობიექტებში, რომლის თაობაზეც სხვადასხვა უწყების ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა. ანგარიშის თანახმად, ბიზნესომბუდსმენის ოფისი ასევე ჩართულია ფარმაცევტებთან დაკავშირებულ საკითხებშიც და მიღწეულია შეთანხმება, რაც მნიშვნელოვნად აისახება ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაზე, რომლის ექსპორტიც სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საკითხების შესწავლის შემდეგ პრობლემის მოგვარების მიზნით, სხვადასხვა უწყებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0