დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა

04/03/2024

​დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ცვლილებები, რომელიც კოლეგებს პარლამენტის წევრმა ბეჟან წაქაძემ გააცნო, ითვალისწინებს „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსის 144-ე მუხლის მე-7 ნაწილის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის 1 დეკემბრამდე, ნაცვლად 2024 წლის 1 მარტისა. მომხსენებლის განმარტებით, მუხლი, რომელიც ეხება არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სავალდებულო სერტიფიცირებას, შეჩერებული იყო 2024 წლის 1 მარტამდე. ვინაიდან დაინტერესებულ საჯარო უწყებებთან, სხვადასხვა პროფესიულ ასოციაციებთან და სამშენებლო კომპანიებთან სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჯერ კიდევ გრძელდება მუშაობა და კონსულტაციები, ასევე, აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, მოცემული ვადისთვის ვერ განხორციელდება არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების სერტიფიცირებული პირების მიერ დამოწმება, რაც სანებართვო პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭირო გახდა 2024 წლის 1 მარტამდე შეჩერებული მუხლის ამოქმედების გადავადება. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. ცვლილების ძირითადი არსია საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის სისტემით“ მომსახურების დანერგვა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ​მომხსენებლის თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება საქართველოს ნავსადგურებში გემების შემოსვლისა და გასვლის ფორმალობების გამარტივება და გაციფრულება, რაც საგრძნობლად დააჩქარებს არსებულ პროცესებს და გახდის უფრო სანდოსა და დაცულს. თავის მხრივ, ციფრული სისტემა საშუალებას მისცემს ნავსადგურებს, გაზარდონ მიღებული გემების და შესაბამისად ტვირთბრუნვის რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საზღვაო სექტორის მდგრადობას. მისივე განმარტებით, აღნიშნული სიახლეების დანერგვა პასუხობს შესაბამისი საერთაშორისო კონვენციისა და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებს.კომიტეტმა ასევე იმსჯელა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილის მირზა გელაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორი დამოუკიდებელი იყოს იმ კომპანიისაგან, რომელსაც ის აუდიტს უტარებს. შესაბამისად, ის ვალდებული ხდება წარადგინოს გამჭვირვალობის ანგარიში. პროექტში ასევე განსაზღვრულია რიგი აკრძალული საქმიანობის ჩამონათვალი, რომელიც არ შეიძლება აუდიტორმა გაუწიოს იმ კომპანიას, რომელსაც ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს უტარებს. აუდიტორს აგრეთვე შეეზღუდება უფლება, რომ ერთზე მეტ კომპანიაში იყოს გარიგების პარტნიორად წარმოდგენილი. ცვლილების თანახმად, სამსახურის მიერ გამოცემული სანქცია ჩაბარებულად ჩაითვლება მას შემდეგ როცა შესაბამის პორტალზე გაეცნობიან, ან ფიზიკურად ჩაიბარებენ მას. აუდიტორული ფირმების ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (IFRS for SMEs). ​მომხსენებლის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოში ანგარიშგება აუდიტის რეფორმის განხორციელების კუთხით და საქართველოს კანონმდებლობა უფრო მეტად დაიხვეწება და დაუახლოვდება ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს რეგულაციებს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კიდევ ერთი საკითხი განიხილეს.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარუდგინა. მისი თქმით, სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები შემოდის, რაც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამის ცვლილებას საჭიროებს. კერძოდ, ნებართვის მაძიებელი ბიზნეს ოპერატორებისთვის სავალდებულო აღარ იქნება სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების, ან განზრახულობათა ოქმის დედნის ან მათი დამოწმებული ასლის წარდგენა. უსაფრთხოების ნორმების მინიმალური სტანდარტების შემოღების მიზნით, იურიდიული პირების და ინდივიდუალური მეწარმეების გარდა, იარაღის მაღაზიებში დასაქმებული პირებიც ვალდებული იქნებიან წარადგინონ ცნობა, რომ იციან იარაღთან მოპყრობა და უსაფრთხოების წესები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0