დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო შეთანხმებები განიხილეს. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება (საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა)“ წარადგინა. შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ (AFD) საქართველოში სარწყავი მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების მიზნით 70 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას, საიდანაც ნახევარი საინვესტიციო პროექტის დაფინანსებისთვისაა განკუთვნილი, ნახევარი ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისთვის. საინვესტიციო პროექტი მოიცავს ზემო სამგორის ირიგაციის არხის მოდერნიზაციას. სარწყავი სისტემების გაუმჯობესებას და წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფას მოხმარდება აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის სესხის სახით გამოყოფილი 13 მლნ ევრო. ამას ითვალისწინებს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა – ქვეპროგრამა 1)“. აღნიშნული საკითხი კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. კიდევ ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“ მოიცავს ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მოდერნიზაციას. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ამისათვის საქართველოს 30 მლნ ევროს სესხი გამოეყოფა. მომხსენებელმა დეპუტატებს სესხის გადახდის და საპროცენტო განაკვეთების პირობები გააცნო.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
04/12/2023