დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა განმარტა, საქართველოში არსებობს ასობით ათასი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რომელთან დაკავშირებითაც თავის დროზე არ ყოფილა გაცემული სამშენებლო დოკუმენტაცია, რადგან არ არსებობდა შესაბამისი პროექტები ან ექსპლუატაციაში მიღების აქტი და ეს საკითხი საჭიროებს მოწესრიგებას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში ცვლილების შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოების შემსრულებელ პირად განისაზღვრება მხოლოდ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი. მომხსენებლის თქმით, სერტიფიცირებული პირის მიერ ჩატარებული საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოები შესრულებული იქნება მაღალი ხარისხით, ერთიანი სტანდარტების გათვალისწინებით, რაც განაპირობებს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სრულყოფილი მონაცემების დარეგისტრირებას. კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შედის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. მომხსენებლის განცხადებით, ეს არის სამშენებლო ამნისტია, რომელიც სრულად შესატყვისება საქართველოს ასობით ათასი მოქალაქის ინტერესებს. კონკრეტულად, კანონიერად ჩაითვლება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2024 წლის 1 იანვრამდე მიწის მესაკუთრის მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მშენებლობა. კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების თაობაზე იმსჯელა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, აღნიშნული შეთანხმების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შედეგად შექმნილი რეალობა. კონკრეტულად კი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფოს ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით ბრიტანეთის მხარის მიერ შემუშავებული და ინიცირებულია შეთანხმების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
29/11/2023