დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტი განიხილა, რომელიც სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და შეწირულების წახალისებას ისახავს მიზნად. პარლამენტის წევრის ხატია წილოსანის განმარტებით, კანონპროექტი წარმოადგენს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვის ჩარჩო დოკუმენტს, რომლის მიზანია სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ საფეხურზე სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოშობის პრევენცია. ასევე, ჭარბი სურსათის ბენეფიციარებისთვის მიწოდების წახალისება და უვნებელ სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; უპირატესად, ღარიბი, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვებისადმი მოწყვლადი ჯგუფების საკმარისი და სრულფასოვანი სურსათით უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ხატია წილოსანის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი მიზანია, მოწყვლად ჯგუფებს ჰქონდეთ უსასყიდლო წვდომა დაბალი რისკის სურსათზე, როგორიცაა: ბურღულეული, ჩაი, შაქარი და სხვა, რომელსაც შეფუთვაზე ვარგისიანობის ვადა მითითებული აქვს, მაგრამ ამ ვადის შემდეგაც ვარგისია გამოყენებისთვის. მისივე თქმით, აქამდე არსებული კანონმდებლობით ბიზნესს, საგადასახადო ვალდებულებიდან გამომდინარე, არ ჰქონდა ამგვარი ქველმოქმედების შესაძლებლობა, სწორედ ამ საკითხების დარეგულირებას შეუწყობს ხელს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება. კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. წარმოდგენილი პროექტით, ხდება რამდენიმე ტერმინის კორექტირება, ასევე განისაზღვრება აეროპორტისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭების პირობები. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღესვე „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა. როგორც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, წლების განმავლობაში მთელი რიგი საკითხები დაგროვდა, რამაც კანონში შესაბამისი ცვლილებების აუცილებლობა გამოიწვია. მისივე თქმით, ასევე გამოიკვეთა საკითხები, რომელთა კანონში ასახვაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაზღვევო საქმიანობას წაადგება. კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „სეკიურიტიზაციის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტისგან შემდგარი ცვლილებათა პაკეტი.
„შემოთავაზებული კანონპროექტით და არსებულ კანონებში ცვლილებით იქმნება სეკიურიტიზაციის ზოგადი ჩარჩო“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ. კანონპროექტი აწესრიგებს სეკიურიტიზაციის გარიგებასთან, აღნიშნულ გარიგებაში ჩართულ მხარეებთან და გარიგების შედეგად გამოშვებულ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა
10/04/2023