დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი დაუჭირა. სამრეწველო სექტორის მიერ გარემოს დაბინძურების პრევენციას ისახავს მიზნად კანონპროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, საწარმოები, რომლებიც 2026 წლიდან ამოქმედდებიან, ვალდებული იქნებიან დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები. ხოლო არსებული საწარმოები 2029 წლამდე ეტაპობრივად დანერგავენ აღნიშნულ ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ შემცირდეს მავნე ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევა, ასევე წყლის და გარემოს დაბინძურება საწარმოო ნარჩენებით. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ იკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების მიხედვით, უნდა განისაზღვროს კომპეტენტური ორგანოები, უნდა დადგინდეს სამრეწველო ობიექტები, რომლებიც შესაბამის ნებართვას საჭიროებენ და ჩამოყალიბდეს ინტეგრირებული სანებართვო სისტემა. სწორედ აქედან გამომდინარე ხორციელდება წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები. კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. კანონპროექტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ განაცხადა, რომ ცვლილება ხორციელდება დეცენტრალიზაციის პრინციპების კვალდაკვალ. კერძოდ, იმ დასახლებებში, სადაც მოქმედებს იერარქიულად ზემდგომი ქალაქმშენებლობითი გეგმა, განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის განხილვის ნაწილში მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას ადგილობრივი სპეციფიკის და ინტერესების გათვალისწინებით, რაც საკითხის უფრო ეფექტურად და სწრაფად გადაწყვეტის წინაპირობას წარმოადგენს. მთავრობის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ასევე ნინო ენუქიძემ წარუდგინა კომიტეტს. კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განახლებული რედაქციით ყალიბდება 573-ე მუხლი. კერძოდ, დეტალურად გაიწერება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევის ნორმები და მოხდება მათი დიფერენცირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც ხელს შეუწყობს მათ მიმართ მომპოვებელი სუბიექტების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური სანქციის განსაზღვრას. შესაბამისად, შეიცვლება ჯარიმების რაოდენობაც და დარღვევათა მნიშვნელობისა და უარყოფითი გავლენის მასშტაბურობიდან გამომდინარე გათვალისწინებული იქნება 5000 და 10 000- ლარიანი ჯარიმები.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
27/02/2023