დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და იმ სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა, რომლებიც კომიტეტის საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციებს უკავშირდება.
„კომიტეტი წარმატებით ასრულებდა სტრატეგიით გათვალისწინებულ იმ მიზნებს, რომელიც საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში დაინტერესებული ჯგუფების აქტიურ ჩართულობას უკავშირდებოდა. ამისათვის კომიტეტი აქტიურად იყენებდა ისეთ საპარლამენტო ინსტრუმენტს როგორიცაა თემატური მოკვლევა. კომიტეტი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე იყო პრინციპული და მისი მიდგომა საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების სურვილს ეფუძნებოდა, სადაც დაცული იქნებოდა როგორც ბიზნესის, ისე საერთო საზოგადოებრივი ინტერესები და ორიენტირებული იყო ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე. ანალოგიურად, უწყებების ანგარიშის მოსმენისას ხელმძღვანელობდა დაინტერესებულ ჯგუფებთან აქტიურად თანამშრომლობის პრინციპით“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შევიდა 623 ორგანიზაციის წერილი და მოქალაქის განცხადება, რომელზეც კომიტეტმა დროული რეაგირება უზრუნველყო.
„ჩვენ ვიმუშავეთ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიცაა „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“ (NECP). გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა.
ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტთან (NDI) ერთად განხორციელდა საპარლამენტო კვლევა – „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი სამშენებლო სექტორში“ და მოისმინა შესაბამისი ანგარიში. კომიტეტში დამკვიდრდა ორმხრივ ეკონომიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობის პრაქტიკა, აღნიშნულის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლებთან და მოვისმინეთ ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის, ჩატარებული კვლევებისა და რეკომენდაციების შესახებ. განსაკუთრებით, უნდა აღინიშნოს, იმ კანონპროექტებზე მუშაობა, რომლებიც უკავშირდებოდნენ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციას“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე ინფორმაციით, კომიტეტმა 2022 წლის განმავლობაში დაასრულა თემატური მოკვლევები, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემებს შეეხებოდა. აგრეთვე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კარგი მმართველობის ინიციატივის მხარდაჭერით განხორციელებული თემატური მოკვლევა „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით.
„კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით დაწყებულია ორი ახალი თემატური მოკვლევა ციფრული ეკონომიკისა და დეკარბონიზაციის საკითხებზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.