დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სამუშაო შეხვედრაზე 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის და 2023 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე მსჯელობენ. სამუშაო შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა გაწეული საქმიანობის შეჯამებისას ყურადღება გაამახვილა შესყიდვების კანონზე, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო.
მან ასევე ისაუბრა სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის მიმართულებაზე, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროებზე, მეწარმეობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ინოვაციებზე, რომელიც მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაშიც პრიორიტეტად დარჩება. მიმდინარე წლის სამუშაო გეგმის განხილვისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და მთავრობის საკანონმდებლო გეგმით განსაზღვრულ საკითხებს, რომლებსაც კომიტეტი შემდგომ საქმიანობაში გაითვალისწინებს.
დაიგეგმა კომიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელების გზები, შეარჩიეს თემატური მოკვლევის საკითხები და განისაზღვრა მათზე პასუხისმგებელი პირები. გასვლითი შეხვედრა, რომელიც „ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტთან თანამშრომლობით ხორციელდება, 3 თებერვალს დასრულდება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2023 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა
02/02/2023