დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ იმსჯელა

24/07/2017

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის როლის შესახებ საუბრობდნენ დღეს სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც ექსპერტები და კერძო ბიზნესის წარმოამდგენლებიც მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე იმ ძირითად მიმართულებებზე მსჯელობდნენ, რომლებზეც კომიტეტმა უნდა იმუშაოს პარლამენტის როლის გაძლიერებისა და ამაღლების მიზნით საქართველო -ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კონტექსტში. ისაუბრეს კომიტეტის და ზოგადად პარლამენტის მიერ 2017-2020 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რათა ასოცირების შეთანხმება ეფექტიანად შესრულდეს.
საჭიროებათა კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვა წარადგინა და კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა EU-UNDP საპარლამენტო პროექტის მენეჯერმა, დავით კოღუაშვილმა. სტრატეგიული კომუნიკაციის, როგორც სამოქმედო გეგმის ნაწილის შესახებ პრეზენტაცია კი EU-UNDP საპარლამენტო პროექტის კონსულტატმა კახა მაღრაძემ წარადგინა. შეხვედრაში კერძო სექტორის სახელით მონაწილეობდა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, რომელმაც იმ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც თავისუფალი ვაჭრობის წინაშე დგას. ასევე, ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ბიზნესს მეტ შეღავათს მისცემს, ვიდრე დღევანდელი კანონმდებლობის პირობებში აქვს.
შეხვედრა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ შეაჯამა. მისი თქმით, დღეისათვის არსებობს დროში გაწერილი რეგულაციები და კანონპროექტები, რომლებზეც პარლამენტმა უნდა იმუშაოს, ეს არის საზედამხედველო ფუნქციაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა გაწერილი ვადების მიხედვით მოხდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა. „ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ დღეს ევრობაზარზე დაშვებულია სამი ქართული პროდუქტი: შავი ზღვის თევზი, თხილი და თაფლი. ეს სია უნდა გაიზარდოს. თავისუფალი ვაჭრობისა და თავისუფალი ბაზრის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ბიზნესების პროდუქციის გაყიდვა უნდა გაიზარდოს, რამაც შესაბამისად უნდა გაზარდოს შემოსავალი. მხოლოდ ამ შემთხევვაში ჩაითვლება ეს ხელშეკრულებები და ეს მიმართულებები დადებით ტენდენციად მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი ბიზნესმენების ინფორმირება.
დღევანდელი ჩვენი შეხვედრით უნდა ჩამოვაყალიბოთ სად არის მთავრობის მიღწევები ამ მიმართულებით და სად არის საჭირო დახმარება. მთავრობას ძალიან კარგი გეგმა აქვს, განსაკუთრებით, ეკონომიკის სამინისტროს და ჩვენ ამ მიმართულებით გვინდა კონკრეტული შედეგები დავინახოთ“, – განაცხადა რომან კაკულიამ. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საპარლამენტო პროექტის მხარდაჭერით. პროექტის მენეჯერის, სოფო გურულის განცხადებით, ასეთი შეხვედრების გამართვა დაგეგმილია პარლამენტის ყველა იმ კომიტეტში, რომლებიც საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის კუთხით ჩართულები არიან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0