თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გამოსვლა შეაწყვეტინეს. თბილისის მერის მიერ ანგარიშით გამოსვლას სხდომაზე მყოფი რამდენიმე პირის უკმაყოფილება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თბილისის მერს სიტყვა შეაწყვეტინა ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სხდომას იარუსიდან ადევნებდა თვალყურს.
მერი საუბრობდა იმის შესახებ, რომ საზოგადოება უნდა დაელოდოს გამოძიებას ყაზბეგის 22 ნომერში ხეების გაჩეხვის ფაქტთან დაკავშირებით და შემდეგ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება რომელიმე პირის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ ფრაზამ საკრებულოს სხდომათა დარბაზის იარუსზე მყოფ პირთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ ხმამაღალი შეძახილებით მერის გამოსვლა ჩაშალეს.
აღსანიშნავია, რომ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა თავად საკრებულოს სხდომათა დარბაზის იარუსზე მყოფ პირებს შორის. ისინი მალევე დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.
დაპირისპირების გამო საკრებულოს სხდომაზე დავით ნარმანიას გამოსვლა შეწყდა
26/08/2016