რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ორი თვის შემდეგ აქციის გამართვას, – დამისახელეთ რომელიმე ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციას აანონსებს ორი თვით ადრე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ორი თვით ადრე აქციის დაანონსება მიუთითებს იმაზე, რომ აქციებზე საკუთარი მხარდამჭერებიც არ დადიან.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან, მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და, ზოგადად, მათ რადიკალურ ქმედებებს” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია არის აბსურდი.
„აბსოლუტურად გაუგებარია და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან ატეხილი დღევანდელი აჟიოტაჟი და, რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი. ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.