დამამშვიდებელს მიიღებთ თქვენ 8 ოქტომბერს

15/04/2016

დამამშვიდებელს მიიღებთ თქვენ შემოდგომაზე, 8 ოქტომბერს, – ასე უპასუხა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის ვიცე სპიკერ, მანანა კობახიძეს, რომელმაც დეპუტატს მიმართა, დამამშვიდებელი დაელია. ბიუროს სხდომაზე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლის საკითხზე სიტყვიერი დაპირისპირება გია ბარამიძეს, მანანა კობახიძესა და გიგა ბუკრიას შორის მოხდა.
ბარამიძემ აღნიშნა, რომ აღმაშფოთებელია, სუს-ის ხელმძღვანელის მოსასმენად კვორუმის არქონა უმცირესობას დააბრალონ.

”თავხედობა გყოფნით, რომ ეს საპარლამენტო უმცირესობას დააბრალოთ და თითი გავიშვიროთ ჩვენკენ, ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადასული ცინიზმი”, – განაცხადა ბარამიძემ.

გია ბუკიამ კი აღნიშნა, რომ თავხედობაა გია ბარამიძისგან ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე საუბარი.

”არ გაინტერესებთ ბატონო გია, თავხედად რატომ მოგიხსენიეთ? როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზეა საუბარი, თქვენ, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ რა თემას ეხებით. როდესაც წლების განმავლობაში პარლამენტში მოსვლა კი არა, სუს-ის ხსენებაზე გასუსულები იჯექით ყველანი. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მეშვეობითაც პარლამენტის წინაშე ვალდებულია ეს სამსახური”, – მიმართა ბუკიამ ბარამიძეს.

მანანა კობახიძემ გია ბარამიძეს პროვოკატორი უწოდა, რაზეც ბარამიძემ აღნიშნა, რომ თავადაა პროვოკატორი. დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0