დავით ჯიქია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

14/09/2016

რუსთავის მერი დავით ჯიქია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ბრიუსელის ოფისის ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამების კოორდინატორ კარელ მიხელსს და საქართველოში ორგანიზაციის მისიის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობას, მიმდინარე და განხორციელებელ პროექტებს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შეეხო. სტუმრებმა ქალაქის მერს იმ პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელთა განხორციელებასაც საერთაშორისო ორგანიზაცია მოქალაქეთა სოციალური რეინტეგრაციის მიზნით რუსთავში გეგმავს. საუბარია საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სოციალური საწარმოს მშენებლობასა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 1951 წელს დაარსდა. მისი საქმიანობის მიზანს მიგრაციის საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების პრაქტიკული გადაწყვეტა და მიგრანტებისთვის, მათ შორის ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0