ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მერიის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, ლეილა სილაგაძეს დაბადებიდან 70, ხოლო საქმიანობის 50 წლის იუბილე საზეიმოდ მიულოცა. კეთისლინდისიერი სამუშაო სტაჟისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან მას მადლობის წერილი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
ლეილა სილაგაძემ მილოცვები ასევე საჯარო სამსახურის ბიუროსა და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატისგან მიიღო, საჯარო მოხელეთა პროფკავშირების რაიონული ორგანიზაციისგან კი საჩუქარი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნიციპალიტეტი დამსახურებულ საჯარო მოხელეს აჯილდოებს.
“დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიის ღვაწლმოსილი თანამშრომლის ლეილა სილაგაძის 70 წლის იუბილეა. მას ასევე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის 50 წელი უსრულდება. ქვეყნის სიძლიერეს სწორედ ასეთი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები განაპირობებენ. აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელის ღვაწლს ჩვენს მუნიციპალიტეტში ასე პირველად ვაფასებთ, ეს კი ნათლად მიუთითებს იმას, რომ ჩვენთან პროფესიონალ კადრებსა და მათ გამოცდილებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მინდა ქალბატონ ლეილას იუბილე და 50-წლიანი სამუშაო სტაჟი მივულოცო. ჯანმრთელობა, ბედნიერება და მუდამ ასეთი შრომისუნარიანობა ვუსურვო. დიდი იმედი მაქვს, ის არაერთი ახალგაზრდა საჯარო მოხელისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ქვეყანასა და მუნიციპალიტეტს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.