საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოს ეწვია, სადაც დღეს შეხვედრა ქუვეითის სახელმწიფოს ემირთან, მის აღმატებულება შეიხ საბაჰ ალ-აჰმედ ალ საბაჰთან გამართა. ემირის განცხადებით, ის მოხარულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობით, რადგან ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და მეგობრობის გაღრმავებისკენ წინგადადგმული ნაბიჯია. თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მეგობრობა ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიც ქუვეითია, მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ურთიერთობები, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკურ და კულტურული მიმართულებებით, კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
დავით უსუფაშვილმა საბაჰ ალ-აჰმედ ალ საბაჰს ქუვეითის სახელმწიფოს გათავისუფლების 25 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მასპინძელი ქვეყნის მსგავსად, მიმდინარე წელს, დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს საქართველოც აღნიშნავს.
მხარეებმა საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო ცდილობს სასარგებლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი იყოს მეგობარი ქვეყნებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ საბაჰ ალ-აჰმედ ალ საბაჰს ჩვენი ქვეყნის სავაჭრო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ყურის ქვეყნებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს. ემირის თქმით, საქართველოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ყოველწლიურად იზრდება ქუვეითიდან საქართველოში ჩასული ტურისტების რაოდენობა.
ქუვეითის სახელმწიფოს მეთაური საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდა. ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებაც.
დავით უსუფაშვილმა ქუვეითის სახელმწიფოს ემირს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რომელიც ქუვეითმა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღმოუჩინა. მისივე თქმით, ის მოხარულია, რომ ემირს გაეროს ჰუმანიტარული ლიდერის წოდება მიენიჭა.
შეხვედრაზე ისაუბრეს 22 მარტს, ბელგიის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებსა და ტერორიზმის საფრთხეებზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს ხალხთა შორის მეგობრობის მნიშვნელობა. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურების საკითხებიც.
ქუვეითის სახელმწიფოს ემირმა საქართველოს და პარლამენტის თავმჯდომარეს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნები დასახულ მიზნებს უახლოეს მომავალში მიაღწევენ.