დავით უსუფაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

29/03/2016

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან საქართველოში, პასკალ მენიესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. როგორც პასკალ მენიემ აღნიშნა, ის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებაც. საფრანგეთის ელჩის განცხადებით, ის მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას და მისი ქვეყანა მზადაა, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაში შეუწყოს ხელი. დავით უსუფაშვილმა პასკალ მენიეს იმ მხარდაჭერისთვის გადაუხადა მადლობა, რომელსაც საფრანგეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი იჩენს. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველო და საფრანგეთი პარტნიორი ქვეყნები არიან და საერთო ინტერესები აქვთ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთში ვიზიტი და ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან – კლოდ ბარტოლონესთან შეხვედრა გაიხსენა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მუშაობა დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მზადაა, აქტიურად ითანამშრომლოს საფრანგეთის პარლამენტთან, რაც, თავის მხრივ, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი საფრანგეთის საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავს. პარლამენტის თავმჯდომარემ პასკალ მენიეს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0