დავით უსუფაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

04/07/2016

საქართველოსა და მონტენეგროს აერთიანებს ბევრი მნიშვნელოვანი საერთო მიზანი და ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე დარკო პაიოვიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა, ერთი მხრივ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მიმდინარეობის გამო და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ხაზგასმა ორ ქვეყანას შორის მზარდი და ინტენსიური თანამშრომლობის.

„ჩვენ საუბარი გვქონდა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მე მას კიდევ ერთხელ მივულოცე მონტენეგტოს ნატო-ში გაწევრიანება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და მონტენეგროს საკითხები პარალელურ რეჟიმში იხილებოდა და მერე ჩვენ – საქართველოს ნატო-დან ასეთი კითხვა დაგვისვეს – ხომ, არ გვექნებოდა პრობლემა იმის გამო, რომ მონტენეგროს გაწევრიანების საკითხი უფრო ადრე გადაწყდებოდა? – ჩვენი პასუხი იყო დაუყოვნებლივ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო მონტენეგროს საკითხის გადადება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს და მონტენეგროც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გაძლიერების პროცესში იმყოფება და შეუძლია ერთმანეთს ბევრი რამ გაუზიაროს.

„ცხადია, ჩვენ ქვეყნებს აერთიანებს ბევრი მნიშვნელოვანი საერთო მიზანი და ამოცანა. მონტენეგრო ასევე ისწრაფვის ევროკავშირთან სრული ინტეგრაციისთვის. ჩვენ ორივე ქვეყანა ვიმყოფებით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გაძლიერების პროცესში და შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ გავუზიაროთ ერთამანეთს. მე კიდევ ერთხელ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობა ღრმავდება, გრძელდება. მონტენეგროშიც ოქტომბერშია არჩევნები. ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ ჩვენი ხალხები ისურვებენ და კვლავ პარლამენტში წარგვგზავნიან, ჩვენ პირადად გავაგრძელებთ ურთიერთობას და მეგობრობას, თუ არა მაშინ, ამ სულისკვეთებას გადავცემთ ჩვენს მომავალ კოლეგებს პარლამენტში და ეს მეგობრობა მომავალშიც გაგრძლდება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0