დავით უსუფაშვილი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

15/09/2016

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელიც სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გამართა ესტონეთის პარლამენტის (რიგიკოგუ) თავმჯდომარესთან, ეიკი ნესტორთან.
შეხვედრისას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „მეგობარი ესტონეთის“ მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან ღირებულია, განსაკუთრებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ესტონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე საუბრისას ეიკი ნესტორმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი აღარ დგას იმის თოაბაზე მიიღებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. მისივე თქმით, ეს მხოლოდ დროის საკითხია და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს იგეგმება ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, შვეეთი) პარლამენტების თავმჯდომარეების ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტი საერთო მნიშვნელობის საკითხის განხილვა მოხდება.
მხარეებმა, ასევე ისაუბრეს საარჩევნო გარემოზე როგორც საქართველოში, ასევე ესტონეთში, სადაც ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა პრეზიდენტის არჩევა აგვისტოს ბოლოს.
სტრასბურგში მიმდინარე ორდღიან ფორუმს ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.
ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული, ევროპის წინააღმდეგ არსებულ გამოწვევებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტების როლზე მსჯელობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0