დავით სონღულაშვილი: ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წლიდან წლამდე ბიუჯეტი იზრდება და ათვისების მაჩვენებელიც რეკორდულია

03/11/2023

„ბიზნესის კეთების სიმარტივისა თუ მთავრობის გამჭვირვალობის მიხედვით და ყველა რეიტინგში საქართველო უცვლელი ლიდერია“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს მოუსმინეს.

მისი თქმით, ეს არის იმ პროცესებისა და გარდაქმნების შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ახორციელებს.

„როდესაც ვსაუბრობთ ფაქტებზე, უნდა ვისაუბროთ შედეგებზე და ეს შედეგი არ არის მხოლოდ აშენებული გზები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ნაპირგამაგრებითი სამუშაოები თუ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. ეს პირველ რიგში, არის ზრუნვა მოსახლეობაზე, თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უპირველესი ამოცანაა. პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა 2 მიმართულებას მოიცავდა – სკოლებს და ბაღებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამუშაო ვადებში გაწერილად წარიმართოს და სრულად მოხდეს პროგრამის განხორციელება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მან აქცენტი გააკეთა განახლებული რეგიონების პროგრამაზე, რომელმაც ბევრი სიახლე და ცვლილება მოუტანა თითოეულ მუნიციპალიტეტს, ასევე ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ბაზაზე, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული ახალი კანონებით შეუქცევადი რეფორმების უზრუნველყოფაზე.

„ცვლილებები არ ეხება მხოლოდ ქალაქებს. დაბებსა და სოფლებში ეს ცვლილებები კიდევ უფრო მკაფიოა. არ არის ქუჩა დარჩენილი, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ან მუნიციპალიტეტი კონკრეტულ პროექტს არ ახორციელებდეს – ზოგან გზა იგება, ზოგან სასმელი წყლით უზრუნველყოფა ხდება, ზოგან სკოლა შენდება და ზოგან ბაღის რეაბილიტაცია ხდება, ბევრგან სპორტული ან კულტურისა და დასვენების ინფრასტრუქტურა ეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ ცვლილებას ეკონომიკური და სოციალური ეფექტი მოჰყვება შედეგად. მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს. უფრო მეტი ადამიანი ერთვება ეკონომიკურ საქმიანობაში“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უმუშევრობის დონის შემცირების შესახებ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებიც განხორციელებული რეფორმების შედეგია. მისივე მოსაზრებით, დამაიმედებელია ასევე ტურიზმის მაჩვენებლების რეკორდული ზრდა. დავით სონღულაშვილმა რიკოთის 27-კილომეტრიან მაგისტრალს „უპრეცედენტო და საუკუნის პროექტი“ უწოდა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და როლი აქვს. მისივე განცხადებით, თანამედროვე სამყაროში ადამიანებისა და ტვირთების ნაკადების გადაადგილება, მისი სისწრაფე და ხელმისაწვდომობა, ქვეყნისთვის გლობალური კონკურენტუნარიანობის უპირველესი საზომია. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაადგილების სიმარტივესთან ერთად იზრდება უსაფრთხოების მაჩვენებელიც. მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობის ზრდის ხარჯზე გაზრდილია ტვირთების გადაადგილებაც. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება და ათვისების მაჩვენებელიც რეკორდულია, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ფინანსური წლის ფარგლებში არ სრულდება და შემდგომშიც გრძელდება. მისი თქმით, ერთდროულად მიმდინარე პროექტებს ჯამური ეფექტი აქვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0