დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

19/03/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, სილვიო დომენტეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ის აქტუალური საკითხები, რომლებზეც ჯანმო და ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს წლებში ერთობლივად იმუშავებენ. სილვიო დომენტეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და როგორც მან აღნიშნა, ის კარგად იცნობს იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოსა და მის მსგავს სხვა ქვეყნებში არსებობს. მან აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმოს საქართველოს ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, მარიან ივანუშას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ქვეყანაში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის. მარიან ივანუშამ დადებითად შეაფასა საქართველოს გეზი ჯანდაცვის სექტორის განივთარების მიმართულებით და რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყო: „მიხარია, რომ მომეცა საქართველოში მუშაობის შესაძლებლობა. ამ წლების მანძილზე მე მომიწია ურთიერთობა სამინისტროს პროფესიონალ თანამშრომლებთან და დარგის გამოცდილ ექსპერტებთან, რომლებსაც საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვთ ჯანდაცვის სექტორი განივთარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც წამოიწყო საქართველოს მთავრობამ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თამბაქოს კონტროლი, სტრატეგიული შესყიდვების რეფორმა, დაფინანსების DRG სისტემაზე გადასვლა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და მათი ხარისხის ახალი სტანდარტების დანერგვა“.
ღონისძიების ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა მარიან ივანუშას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0