გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტს პარტიის ახალი სახეები წარუდგინა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისი თქმით, მინისტრებისთვის ახალი სახეების უმრავლესობა ცნობილი იყო.
„ახლახან დამთავრდა ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა. ხვალ, 2 საათზე ზუსტად დასახელდება ეს კანდიდატები. შეხვედრის მიზანი იყო, რომ ჩვენთვის გაეცნო ისინი. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ვიცნობდით. ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება და თითოეული მათგანი შეძლებს, რომლებიც ძალიან კარგი სპეციალისტები არიან თავიანთი საქმის, მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ ამ მხრივ“, – აღნიშნა მინისტრმა.
თავად დავით სერგეენკოს მონაწილეობას არჩევნებში რაც შეეხება, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის არც პროპორციულ და არც მაჟორიტარულ სიაში არ იქნება.