საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მედიასთან მადრიდსა და ბარსელონაში ფონდის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი ესპანეთში ნაციონალური ასოციაცია SERCOBE -სა და კომპანია ICEX -ის მიწვევით იმყოფებოდნენ. შეხვედრები საფინანსო ორგანიზაციებთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან გაიმართა.
ფონდის დელეგაციამ „აგროინდუსტიული კომპლექსის ფორუმი-მადრიდი 2016“ -ში მიიღო მონაწილეობა. ბიზნეს ფორუმი SERCOBE -სა და ICEX -ის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც ესპანეთის მთავრობისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან აგროინდუსტრიაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიზნეს ფორუმი სოფლის მეურნეობისა და აკვაკულტურის განვითარებას მიეძღვნა. დავით საგანელიძემ ფორუმში მონაწილე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა, სატრანზიტო პოტენციალი და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით არსებული მდგომარეობა. საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშილმა ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო და ფორუმში მონაწილე აგროინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს საპარტნიორო ფონდის სტრატეგია, მანდატი და ის სფეროები გააცნო, რომელშიც პროექტებს ახორციელებს. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრები ფორუმში მონაწილე კომპანიების CATRI-ს, DAYMSA-ს, TECHNOVE, GANDARIA-ს ხელმძღვანელებთან გამართეს. მხარეებმა ერთმანეთს აგროინდუსტრიის სფეროში არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO) გამართა შეხვედრა, რომელზეც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. UNWTO-ის წევრი ქვეყნების ურთიერთობის აღმასრულებელ მდივანმა კარლოს ვოგლერმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ჩერქეზიშვილს ორგანიზაციის მთავარ ოფისში უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის რეგიონალური პროგრამის კოორდინატორი ბექა ჯაყელი და ასოცირებული წევრების პროგრამის წარმომადგენელი დიმიტრი ილინი. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ამ სფეროში საპარტნიორო ფონდის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარტნიორო ფონდის მიერ ტურიზმის სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში დაგეგმილი „ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონფერენციის“ შესახებ გაამახვილეს ყურადღება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს მოიცავს. საუბარი შეეხო ასევე, 2017 წელს დაგეგმილ „ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მესამე კონფერენციაში“ ჩართულობის საკითხს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქათველოს, როგორც ტურისტული ბრენდის ჩამოყალიბების პერსპექტივას, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გაზრდის გაუმჯობის საკითხს. UNWTO-ი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს განვითარებაში უწყობს ხელს და მთელი მსოფლიოს მაშტაბით ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში შეაქვს წვლილი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ასევე კომპანია IFEMA-ს საერთაშორისო განვითარების დირექტორთან სანტიაგო ქუიროგასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის გაუმჯობესებისა და ქვეყნის რეგიონალური ტურიზმის ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივას. მხარეებმა საქართველოში საერთშორისო კონფერენციებისა და საგამოფენო ღონისძიებებისთვის ქვეყნის პოტენციალის გამოყენების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასაც. დეტალურად იყო განხილული რაჭის და წყალტუბოს განვითარების კონცეფციები, რომელიც ფონდის დაკვეთით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებმა მოამზადეს. კომპანია IFEMA-ი საპარტნიორო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ საკუთარ წინადადებებს ერთი თვის განმავლობაში წარუდგენს.
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ცნობილი ხორცპროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანია DeRAZA Iberico მოინახულეს და საწარმოო პროცესი დაათვალიერეს. კომპანია ესპანეთში იბერიკოს ჯიშის ღორების ფერმებს ფლობს და ხორცპროდუქტების ერთ ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ფონდის დელეგაცია კომპანიის დამფუძნებლებს რეხინო დიაზ დელ რიოსა და ლუის სანზ კასადოს შეხვდა. შეხვედრას ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კომპანია საქართველოში კახური ღორის ჯიშითა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი კომერციალიზაციის საკითხით არის დაინტერესებული.
ფონდის დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში მსოფლიოში აღიარებული გამაჯანსაღებელი სპა და ბალნეოლოგიული ცენტრების მფლობელი კომპანია Relais of Termal Group-ის დამფუძნებელს, ესპანეთის ტურიზმის ხარისხის კონტროლის ინსტიტუტისა და ბალნეოლოგიური ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტს მიგელ მირონესს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრეს და ერთმანეთს სამკურნალო ტურიზმის დარგში არსებული გამოცდილება გაუზიარეს. Relais of Termal Group-ი დამფუძნებელი მიგელ მირონესი ფონდის მოწვევით საქართველოში ჩამოსვლას ივნისში გეგმავს.
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ფონდის დელეგაცია საინვესტიციო ჯგუფ EEI Network -ის პარტნიორს პაბლო ბოტეიას შეხვდა. კომპანია ახლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. კომპანია EEI Network -ის პარტნიორი პაბლო ბატეიასი საქართველოს ჯანდაცვისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირებით არის დაინტერესებული.
მადრიდში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა კომპანია Nemesis Сapital-ის მმართველ დირექტორებთან, ხოსე სანტოს ვალვერდესა და ანტონიო დურან ლოპესთან. ასევე, Inercia 24-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჰუგო სანჩეს მუნოზთან. საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს ფონდის მუშაობის პრინციპები და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო. საერთშორისო კომპანიების მთავარი საქმიანობა მსოფლიოს ტურისტული ქვეყნების შესწავლა და სასტუმროების ბიზნესში სტრატეგიული ინვესტორის მოძიებაა. აღნიშნული კომპანიები სხვადასხვა ფონდების კაპიტალს მართავენ და რენტაბელურ ბიზნესებში აბანდებენ. მათი ინტერესის სფერო მცირე და საშუალო ზომის ჰიდროსადგურების მშენებლობა და ტურისტული ინდუსტიის სექტორია.
ესპანეთში საქმიანი ვიზიტით მყოფი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიზე საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გილეადს” შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემრანდუმის გაფორმების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და კომპანია „გილეადის” ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ალტონმა მოაწერეს. გრძელვადიანი ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდე მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს. ხელმოწერის ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები, ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
დავით საგანელიძემ მადრიდსა და ბარსელონაში ვიზიტი შეაფასა
21/04/2016