მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში – ციხისძირსა და ჯიღაურაში იმყოფებოდა.
რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილზე ახალმოწყობილი სკვერები მოინახულეს. პროექტის ფარგლებში, სოფელ ციხისძირში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებთან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე ატრაქციონებითა და ფანჩატურით, დაიგო კაუჩუკისა და კერამიკული ფილები, დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები და ურნები. დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეც. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით. სკვერის კეთილმოწყობის პროექტი განხორციელდა სოფელ ჯიღაურაშიც, სადაც ციხისძირის მსგავსად, მოეწყო ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით. პატარების უსაფრთხოებისთვის დაიგო კაუჩუკის ფილები. ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით და ჩატარდა ყველა სხვა საჭირო სამუშაო. სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მსგავსი სახის პროექტები, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნის მიზნით, რეგიონის მასშტაბით, მომავალშიც გაგრძელდება.
დავით ნოზაძე რეკრეაციული სივრცის მოწყობის დასრულებულ პროექტებს გაეცნო
04/03/2023