თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდრეი კისკასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად ბრატისლავას სახელობის სკვერი გახსნა. დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირისა და ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის ბრატისლავას სახელის მინიჭების ინიციატივით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სლოვაკეთის საელჩომ რამდენიმე დღის წინ მიმართა.
დავით ნარმანიამ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ბრატისლავას სკვერში შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სულ მალე დიდუბის რაიონის გამგეობა სკვერს კიდევ უფრო მეტად კეთილმოაწყობს და გაამწვანებს.
„ამ ადგილს დღეიდან ეწოდება ბრატისლავას სახელობის სკვერი, რაც გვაკისრებს დამატებით პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად ევროპული სტილის სკვერი მოვაწყოთ, რომლის პროექტიც ჩვენ უკვე მზად გვაქვს და უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ ტერიტორიის კეთილმოწყობას. ერთის მხრივ, ეს ტერიტორია უფრო მეტად მოწესრიგდება და გალამაზდება და მეორეს მხრივ, აქ იქნება ბრატისლავას სახელობის სკვერი, ქალაქისა, რომელთანაც ჩვენ საკმაოდ დიდხნიანი მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს,“- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საკრებულოს წევრები და სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.