საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევრაზიული დეპარტამენტის დირექტორი რაფაელ ჰარპაზი მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მკვეთრად გააქტიურებული ურთიერთობების მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მაღალის დონის ორმხრივი ვიზიტების დადებითი დინამიკის შენარჩუნების აუცილებლობას. ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ მოხდეს ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ პერიოდში ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებზე და გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის აღნიშნული მიმართულებით უკვე არსებული კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა მომავალში ორმხრივად სასარგებლო შედეგის მიღწევის მიზნით. ისრაელური მხარის მიერ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე, კეთილმეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობას. გამოითქვა მზაობა საკონსულო სამსახურებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციის შესახებ.
შეხვედრისას განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენს მსოფლიო უსაფრთხოების გარემოზე. აღინიშნა სამუშაო ფორმატის არსებობის აუცილებლობა, რომელიც საშუალებას მისცემს მხარეებს შეაფასონ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და განსაზღვრონ მათი თავიდან აცილების გზები.
დავით ზალკალიანმა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევრაზიული დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
27/02/2017