საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთან სტივ რასელთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების დიდ პოტენციალზე, განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა და განათლება.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის 6 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კონგრესმენს მადლობა გადაუხადა 2016 წლის 7 სექტემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის.
დავით ზალკალიანმა კონგრესმენს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მთავრობის ქმედებებისა და ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ.
თავის მხრივ, კონგრესმენმა რასელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობას.
დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთან შეხვედრა გამართა
04/10/2016