საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა მექსიკის შეერთებული შტატების სენატის წარმომადგენლებთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გაბრიელა კუევას ბარონთან (ეროვნული ქმედების პარტია – PAN), ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ისმაელ ერნანდეს დერასთან (ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია – PRI) და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ხუან ხერარდო ფლორეს რამირესთან (მწვანეთა პარტია – PVE). შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების ელჩი, მარტა ბარსენა კოკი.
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულებები. განხილულ იქნა საქართველოსა და მექსიკას შორის არსებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობების გაღრმავების პროცესში ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ჩამოყალიბებული აქტიური თანამშრომლობა.
მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მექსიკის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ.
დავით ზალკალიანი მექსიკის სენატორთა დელეგაციას შეხვდა
08/07/2016